სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო აცნობებს მოსახლეობას, რომ თბილისში სტიქიის მიერ დაზარალებულ ტერიტორიაზე ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
სააგენტო კოორდინირებულად მუშაობს სხვადასხვა უწყებებთან, მათ შორის, მერიის შესაბამის სამსახურებთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან, ასევე თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციასთან. სააგენტოს ვეტერინარები ზოოპარკის ტერიტორიასა და მიმდებარე ადგილებზე ვეტერინარულ-სანიტარული წესების შესაბამისად ატარებენ ღონისძიებებს, მათ შორის, დახოცილი ცხოველების დამარხვაზე ზედამხედველობას.
მონიტორინგი ტარდება, ასევე, სვანიძის ქუჩაზე მდებარე შპს ხორცპროდუქტების ქარხანა „ვაკეში’, რომელიც სტიქიამ თითქმის გაანადგურა. დაზიანებული ხორცპროდუქტებისა და ნედლეულის ნარჩენები შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო პანიკის თავიდან აცილების მიზნით მოუწოდებს მოსახლეობას, ეპიდემიის საფრთხესთან დაკავშირებით ერიდოს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სპეციალისტები ადგილზე ახორციელებენ ვეტერინარულ ზედამხედველობას, ასევე სურსათისა თუ სასმელი წყლის ხარისხისა და უვნებლობის კონტროლს.