ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დასს დაარსებიდან 70 წელი უსრულდება.
როგორც “თბილისი თაიმსს” “სუხიშვილების ნაციონალური ბალეტიდან” აცნობეს, ამ თარიღთან დაკავშირებით, 27 ივნისს, თბილისის საკონცერტო დარბაზში დაგეგმილია საქველმოქმედო გალა კონცერტი, რომელიც თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარედაჭერით ტარდება.
13-14 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიისა და ამის ფონზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, ღონისძიების სადღესასწაულო ფორმატი შეიცვალა. ანსამბლის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, გალა კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სტიქიით დაზარალებულებს.
ანსამბლის დასთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მიღეებენ მსოფლიო ბალეტის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ილზე ლიეპა, ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ილია კუზნეცოვი და სხვა. გალა კონცერტს დაესწრებიან ნიკა ცისკარიძე, ანდრის ლიეპა, საცეკვაო ხელოვნებაში მომუშავე პროდიუსერები, სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
27 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში გაიმართება, გამოფენა-ექსპოზიცია, სადაც მოწვეულ სტუმრები დაათვალიერებენ ანსამბლის 70 წლის არსებობის მანძილზე შექმნილ სასცენო კოსტიუმებს, ფოტო-ვიდეო მასალას და ანსამბლის ისტორიისთვის მნიშვნელოვან სხვა რეკვიზიტებს.
გალა კონცერტი, კლასიკური და ახალი ცეკვების პროგრამით, 20:00 საათზე დაიწყება.