იტალიაში საქართველოს საელჩოს, ქართული დიასპორის ორგანიზებით და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით, ქართული კულტურის დღეები გაიმართა. ღონისძიება 18 ივნისს გაიხსნა და სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ქართული კულტურის დღეების გახსნის ცერემონია, თბილისში სტიქიური უბედურების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო მოკრძალებული იყო. ამავე მიზეზით, ღონისძიებას ვერ დაესწრო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, რომელმაც რომში ვიზიტი გააუქმა.
გახსნის ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებზე ბოლო ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა მიაწოდეს და წუთიერი დუმილით – სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას – პატივი მიაგეს.
ღონისძიება – საქართველოს ელჩმა იტალიაში – კახა სიხარულიძემ გახსნა და დაღუპულ თანამემამულეთა ოჯახებს მიუსამძიმრა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ქართული კულტურის დღეების ჩატარება რომში ოთხი თვის განმავლობაში მზადდებოდა და მათი გადადება, ტრაგედიის მიუხედავად, შეუძლებელი გახდა.
ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კუტურის კომისიის წევრი, მსახიობი – ზაქარია კოლელიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნოს წარმომადგენელი – ნინო ქვარიანი, მერიის ადმინისტრაციის უფროსი – პაატა ჯაჭვლიანი, მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელი – ზურაბ წერეთელი, მერიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე ლიკა დავითაძე, დიპლომატიური კორპუსის, რომში საქართველოს საელჩოს, იტალიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ქართული კულტურის დღეებს ასევე ოჯახით ესწრებოდა ბაგრატიონების ოჯახის წარმომადგენელი – ქეთევან ბაგრატიონ-ორსინი.
ქართული კულტურის დღეები რომში ცისანა ქოთილაიძის თექის ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა, რომლის შემოქმედება იტალიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასევე გაიმართა ქართული პოეზიის მცირე ანთოლოგიის „ვაზი და კალამისა“ და პოეტ ლია სტურუას იტალიურად თარგმნილი ლექსების პრეზენტაციაც.
ღონისძიების ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები და სტუმრები, მასპინძელი მხარის მიწვევით, რომის კულტურის ასესორატის პროგრამას დაესწრნენ, რომელიც პირველ იმპერატორს, – ავგუსტუსს ეძღვნებოდა. სტუმრებს, ავგუსტუსის ფორუმის ტერიტორიაზე, 3D ეკრანებზე გაცოცხლებული იმპერატორის ეპოქა და იმ დროს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები წარუდგინეს.
ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, რამდენიმე ოფიციალური შეხვედრაც გაიმართა. საქართველოდან ჩასული დელეგაციის წევრები რომის მუნიციპალური საბჭოს პრეზიდენტმა ვალერია ბალიომ და რომის საბჭოს პრეზიდენტის მოადგილემ ფრანკო მარინომ მიიღეს.
სტუმრებმა, რომის ხელისუფლების წარმომადგენლებს, თბილისში სტიქიის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის დროს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
რომისა და თბილისის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ოფიციალურ შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა თემებს შეეხო. განიხილეს მუნიციპალური სერვისების თავისებურებები, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-დაცვის ასპექტები და ამ საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციები. შეხვედრების ბოლოს ორი ქალაქის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
რომის საბჭოს პრეზიდენტის მოადგილესთან ვიზიტის შემდეგ, ქართული დელეგაციის წარმომადგენლები ტრაიანეს ბაზრის მუზეუმის (ეროვნული მუზეუმის) დირექტორს შეხვდნენ.
ღონისძიების მეორე დღის ბოლოს იტალიურად თარგმნილი ბასა ჯანიკაშვილის „აბსურდისტნის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ქართული კულტურის დღეები ანსამბლ „იბერის“ კონცერტით დასრულდა, რომელსაც ოფიციალურ დელეგაციებთან, საელჩოს წარმომადგენლებთან და იტალიელ სტუმრებთან ერთად ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.
თავის მხრივ, საკრებულოსა და მერიის წარმომადგებლებმა საქართველოს ელჩს იტალიაში კახა სიხარულიძეს და იტალიაში მოქმედი საზოგადოების „სამშობლო გულით სატარებელი“ ხელმძღვანელს ნუნუ გელაძეს ამ დღეების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ქართული დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ქართული კულტურის უკეთ გაცნობა, როგორც იტალიის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაგრძელდება და ეს პროცესი თანამშრომლობის გაღრმავებს არამარტო კონკრეტულ სფეროებში, არამედ მთლიანობაში კულტურათაშორისი ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.