თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
როგორც “თბილისი თაიმსს” საკრებულოდან აცნობეს, აღნიშნულ საკითხზე კომისიის წევრებს დეტალური ინფორმაცია მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა გეგა ზურაბიშვილმა მიაწოდა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 ივნისის #1181 განკარგულებით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის ორგანიზებასთან დაკავშირებებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს მთავრობის სარევიზიო ფონდიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო 13 მილიონი ლარი. თანხა განკუთვნილია ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო, ადმინისტრაციული, ფესტივალის პოპულარიზაცია-რეკლამირების, ჩამოსული სპორტსმენების, დელეგატებისა და მოწვეული სტუმრების ტრანსპორტირების, განთავსების, კვების, სამედიცინო და სხვა დანარჩენი ხარჯების დასაფარად.
ამავე სხდომაზე იმსჯელეს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის რეკონსტრუქციის შესახებ.
გეგა ზურაბიშვილის თქმით, ერთი მილიონი ლარი, რომელიც სხვადასხვა ქვეპროგრამის ფარგლებში მიღებული რესურსებიდან იქნა მოძიებული, მოხმარდება ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონის – დინამო არენას რეკონსტრუქციას – 2015 წლის 11 აგვისტოს UEFA-ს ეგიდით გასამართ სუპერ თასის მატჩისთვის.
აღნიშნულ საკითხებს კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.