სამეცნიერო პორტალი doctrina.ge ინტერნეტ სივრცეში 2013 წელს გამოჩნდა და თავიდანვე საინფორმაციო სააგენტოებს შორის საინტერესო ნიშა დაიკავა. უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე მსგავსი შინაარსის სააგენტო ქართულ რეალობაში არ არსებობს. პორტალზე ყოველდღიურად თავსდება მსოფლიოში მიმდინარე სამეცნიერო სიახლეები, ასევე ანალიტიკური მასალები, გამოგონებების. ისტორიული, ეკონომიკური თუ სხვა სახით. გარდა ამისა, ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი „დოქტრინა“ შესაბამისი სპეციფიკის სხვადასხვა აქტივობებს და ღონისძიებებს მართავს, რომელიც პროფესიული და ანალიტიკური თვალსაზრისით ხშირად რეზონანსული ყოფილა და სხვადასხვა ექსპერტებსა თუ შესაბამისი დარგის სპეციალისტებს მიუღიათ განხილვებში მონაწილეობა. The Tbilisi Times დარბაზის მენეჯერს მარიამ ნოზაძეს ესაუბრა. მარიამი ცალსახად შრომისმოყვარეობით, ორგანიზებულობით, პასუხისმგებლიანობითა და მიზანსწრაფულობით გამოირჩევა. რაც ჩვენ მოკლე ხანში შევნიშნეთ. მარიამმა მუშაობა უნივერსიტეტის მეორე კურსიდან დაიწყო იმ გუნდთან, რომელთან ერთადაც შეიქმნა “დოქტრინას” იდეა. ის უკვე აშკარად რეალიზებული და წარმატებული ახალგაზრდაა .სამეცნიერო პორტალის ჩამოყალიბების და არსებობის მთავარ პრინციპზე, მის საქმიანობაზე, გეგმებზე და პრობლემებზე ინტერვიუდან შეიტყობთ.
მოგვიყევით, საიდან წამოვიდა სამეცნიერო პორტალის შექმნის იდეა? რამდენად აქტუალურია საქართველოში სამეცნიერო თემები?
– საქართველოში მეცნიერების და სამეცნიერო თემებისადმი ინტერესი და ამ თემების აქტუალურობა ძალიან დაბალია. თუმცა დღევანდელ მსოფლიოში ამ მხრივ გამოწვევები საკმაოდ დიდია და აუცილებელია მიექცეს ყურადღება. სწორედ ამის გამო, მე ჩემს უფროს მეგობრებთან ერთად გაგვიჩნდა სამეცნიერო პორტალის შექმნის ინიციატივა. უკვე მესამე წელია მას ჩვენი პირადი რესურსით ვამუშავებთ. საქართველოში ნაკლებად ხდება მსგავსი თემების გაშუქება, დამუშავება. საინტერესო ფაქტი გახლავთ ის, რომ დოქტრინას შექმნის პერიოდში ჩავატარეთ ახალგაზრდების გამოკითხვა. მათ ვთხოვეთ დაესახელებინათ მათთვის ცნობილი ბოლო სამეცნიერო მიღწევა. შედეგები საკმაოფ მძიმე იყო, დასახელებული მიღწევების უმეტესობის ხანდაზმულობა რამდენიმე წელი იყო. ეს სამწუხარო რეალობაა, სწორედ ამ და სხვა გარემოებების გამო გადავწყვიტეთ სამეცნიერო პორტალის შექმნა. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ახალგაზრდებს და არა მარტო მათ, ჰქონდეთ ინფორმაცია რა ხდება მსოფლიოში, როგორ ვითარდებიან წამყვანი ქვეყნები ტექნოლოგიების, მედიცინის, ეკონომიკის და სხვა სფეროებში, რაც მათ დარწმუნებული ვართ, დიდი გამოწვევების წინაშე დააყენებს. ამ ყველაფერს კიდევ ერთი გარემოებაც ემატება, როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს არაერთხელ უთქვამს თავის ქადაგებაში, რომ აუცილებელია ანალიტიკური აზროვნების განვითარება და ახალგაზრდების დაინტერესება მეცნიერებით, საქართველოში სამეცნიერო სფეროს გამოცოცხლება სჭირდებოდა. ყველაფერი საინტერესოდ აეწო და ესეც ერთერთი განმაპირობებელი ფაქტორი გახდა, რამაც პორტალის და ზოგადად “დოქტრინას” შექმნის იდეა მოქმედებაში მოგვაყვანინა.
რამდენი ხანია რაც დოქტრინა ფუნქციონირებს და როგორ მუშაობს?
– ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი „დოქტრინა“ 2013 წლის გაზაფხულზე შეიქმნა. ამ პერიოდში შევქმენით სამეცნიერო პორტალი DOCTRINA.GE და პერიოდულად ვახდენთ მსოფლიოში მიმდინარე სამეცნიერო სიახლეების შესახებ ინფორმაციის განთავსებას. დღემდე 1000-მდე სიახლე გვაქვს ქარტულად დამუშავებული და დადებული ჩვენს გვერდზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი გადავწყვიტეთ სამეცნიეროდ აქტუალურ საკითხებზე ახალგაზრდებისა და დარგის სპეციალისტების მონაწილეობით მრგვალი მაგიდის ტიპის შეხვედრები და ფორუმები ჩაგვეტარებინა. განსაკუთრებით ავღნიშნავდი ფორუმს „დედაქალაქის ეკოლოგიური უსაფრთხოების დოქტრინა“, სადაც განიხილებოდა თბილისის ეკოლოგიური საფრთხეები და მისი განეიტრალების სტრატეგიები, მეთოდები და პოლიტიკური კონცეფციები. ასევე, აღსანიშნავია ჩვენს მიერ ჩატარებული ეკონომიკური ფორუმები, მაგ: ნავთობის საერთაშორისო ფასები და გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, ასევე ლარის დევალვაცია და მისი გამომწვევი მიზეზები და ა.შ.
აღნიშნულ ღონისძიებებს როგორც მედიაში, ასევე საზოგადოების მხრიდანაც დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოყვა. ამჟამად კვლავ ვაგრძელებთ მსგავსი მიმართულებით მუშაობას, თუმცა სამომავლო გეგმებიც ბევრი გვაქვს.
პერიოდულად ვატარებთ შეხვედრებს მეცნიერებთან, საჯარო ლექციებს, ვმართავთ შეხვედრებს ცნობილ ბიზნესმენებთან, PR და მარკეტინგის სპეციალისტებთან. სწორედ მათი დახმარებით უფასოდ ჩავატარეთ ტრენინგები სტუდენტებისთვის, მენეჯმენტისა და მარკეტინგის თემებზე, რისთვისაც მათ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
ასევე დაარსების დღიდან ძალიან დიდ მხარდაჭერას გვიწევს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“. პორტალის შექმნის პირველ დღეებში სწორედ მათი მეშვეობით შევძელით ფეხზე წამოდგომა, ფაქტიურად ჩვენი ინიციატივა დააფინანსა პირველ ეტაპზე და დღემდე ვაგრძელებთ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.
მოგვიყევით თქვენზე მარიამ, რამ განაპირობა თქვენი ამ საქმესთან დაკავშირება?
– ამჟამად ვარ ილიაუნის ბიზნეს სკოლის მაგისტრანტი ფინანსების სპეციალობით. ჩემი რამდენიმე წლიანი სამუშაო გამოცდილება ძირითადად ახალგაზრდებს და სტუდენტებს უკავშირდება. თუმცა, ასევე მაქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვმუშაობდი მთავრობის კანცელარიაში და შემდგომ სამუშაო პრაქტიკები წარჩინებით გავიარე ფინანსთა სამინისტროში. ასევე ვარ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებში ჩართული როგორც დელეგატი და ტრენერი. ამიე მერე ეტაპობრივად მწიფდებოდა იდეა დოქტრინასთან დაკავშირებით. მე, ჩემს მეგობრებთან ერთად, ვაცნობიერებდი, რომ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ვხედავდი, რომ საჭირო იყო ინოვაციები, თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ მეტი ცოდნა, ანალიზური და ანალიტიკური უნარ ჩვევების განვითარება და რა თქმა უნდა ორიენტირი მეცნიერებაზე, რის შედეგადაც შევქმენით doctrina.ge. თვითონ ინიციატივა ძალიან ინოვაციურია, მუშაობის პროცესი ბევრ სირთულეს უკავშირდებოდა, თუმცა ძალიან საინტერესოა. ახლაც ვიხვეწებით, ვვითარდებით და ვფიქრობთ როგორ გავხდეთ უკეთესები.
საკმაოდ სპეციფიურ ინფორმაციებზე გიწევთ მუშაობა, თუ არსებობს ალტერნატიული საინფორმაციო პორტალი დღეს მედია სივრცეში და რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ინფორმაციების არსებობა ჩვენი საზოგადოებისთვის?
– მსგავს სპეციფიურ თემებზე მუშაობა სირთულეებს უკავშირდება და ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. საქართველოში სამეცნიერო თემებისადმი ინტერესი ნაკლებად აქტუალურია, რადგან მედიის მხრიდანაც ნაკლებად ხდება სამეცნიერო სიახლეების პოპულარიზაცია. საქართველოში არ არსებობს არცერთი გადაცემა თუ პუბლიკაცია, რომელიც კონკრეტულად სამეცნიერო თემების პოპულარაზაციაზეა გათვლილი. დღესდღეობით, ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მედიაში გაშუქებული ინფორმაციის 5%–ზე ნაკლებს შეადგენს სამეცნიერო თემები, რაც საკმაოდ საგანგაშო მაჩვენებელია.
რამდენად რთულია ისეთ თემებზე მუშაობა როგორის მომზადებაც ხდება DOCTRINA.GE-ზე?
– სამეცნიერო პორტალ დოქტრინაზე მეტნაკლებად სპეციფიური თემები თავსდება, რომელიც რა თქმა უნდა ყველასთვის ერთნაირად საინტერესო ვერ იქნება, თუმცა ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია და თითოეული სტატიაში აღწერილი მოვლენა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ასეთ თემებზე მუშაობა და მომხმარებლებისთვის მიწოდება, რა თქმა უნდა, როგორც საინტერესო, ასევე საპასუხისმგებლო, აუცილებელი და რთულია. ვფიქრობ, თითოეულმა როგორც ადამიანმა, ასევე კომპანიამ თუ სახელმწიფომ უნდა გააცნობიეროს მეცნიერების მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში და სამომავლო განვითარებაში.
რა მასალებს ათავსებთ პორტალზე?
– როგორც უკვე ავღნიშნეთ, თემები ძალიან სპეციფიურია. ვთანამშრომლობთ რამდენიმე მეცნიერთან, რომლებიც პერიოდულად გვაწვდიან სტატიებს, პუბლიკაციებს და თემებს. გვიწევენ კონსულტაციებს და გვაძლევენ რჩევებს. საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა კარგი უცხოურ ენოვანი სამეცნიერო საიტებისა და წყაროების ბაზის შექმნისთვის. ვეყრდნობით მხოლოდ ისეთ პორტალებზე განთავსებულ სიახლეებს, როგორებიცაა მათ შორის ცნობილები NASA-ს, BBC-ს, National Geographic, The Economist და სხვა წამყვანი სამეცნიერო სააგენტოების ვებ-გვერდები. ვამუშავებთ როგორც ინგლისურენოვან, ისე რუსულენოვან და გერმანულენოვან წყაროებს. ასევე ვამზადებთ ანალიტიკურ მასალებს სხვადასხვა რეიტინგებისა და გამოცემების საშუალებით, ვცდილობთ თითოეული ინფორმაცია საინტერესო იყოს ქართველი მკითხველისთვის.
რა არის ის ინფორმაცია, რომელსაც არასოდეს გაავრცელებს DOCTRINA.GE?
– დოქტრინას თანამშრომლები ყოველთვის ვცდილობთ ინფორმაცია მომხმარებლებისთვის პოპულარულ ენაზე გავავრცელოთ, ვერიდებით ისეთ სამეცნიერო ტერმინებს, რომელიც მხოლოდ დარგის სპეციალისტებისთვის იქნება გასაგები, რადგან ჩვენი მიზნობრივი სეგმენტი მხოლოდ ისინი არ არიან. ასევე ვერიდებით დაუზუსტებელი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას. ქართულ მედია სივრცეში მეცნიერულ თემებზე ძალიან ხშირად ვრცელდება პანიკური ხასიათის გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციები, ხშირ შემთხვევაში არასანდო წყაროების მიერ. მაგალითად თითქოს გვემუქრება მაგნიტური ქარიშხალი, ან მზის 6 დღიანი დაბნელება. ჩვენი სამეცნიერო პორტალი არასდროს გაავრცელებს მსგავს ინფორმაციებს, რომელიც მოსახლეობაში პანიკის გამომწვევ ხასიათს ატარებს და რაც მთავარია, სიმართლეს არ შეესაბამება.
რა პრობლემების წინაშე ხართ ამჟამად?
– დაბალი აქტუალობის გამო რთულია ამ საქმის კომერციალიზაცია, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის გაცნობიერებული მეცნიერების საჭიროების დონე. ასევე გვაქვს ფინანსური რესურსების, ოფისის პრობლემა, რის გამოც რამდენიმე ღონისძიების თუ კურსის ჩატარება ვერ შევძელით. ასევე პრობლემა გვაქვს მეცნიერებთან თანამშრომლობის, მათ მიერ ინიციატივების წამოყენების, ახალგაზრდებთან თანამშრომლობის მიმართულებით. ქართველი პროფესიონალი მეცნიერების ძალიან დიდი ნაწილი საზღვარგარეთ მოღვაწეობს, ვინც საქართველოშია კიდევ იმდენად ჩართულია თავის სამეცნიერო საქმიანობაში, სალექციო კურსების მომზადებაში, სხვა აქტიურობისთვის ან დრო არ აქვთ ან რაიმე სხვა მიზეზი არსებობს. მართალი გითხრათ ძალიან გაჭირდა რომ გააცნობიერონ ჩვენი საქმიანობის აუცილებლობა თუნდაც პათი კარიერისთვის და მათი პროფესიისთვის. ვერ გეტყვით ეს მოძველებული მიდგომების გამო ხდება, რომ თანამედროვეობას ვერ აყვნენ თუ რაშია საქმე, – თუმცა ფაქტია. თითქმის ყველა პროფესიის მეცნიერებთან გქვონდა კომუნიკაციები, მაგრამ უშედეგოდ. საკმაოდ რთული ვითარებაა მეცნიერებათა აკადემიაში. ეს მწარე და სამწუხარო რეალობაა. ამიტომ, სხვა სტრატეგია ავირჩიეთ მოქმედების და დარწმუნებული ვარ ბოლომდე მივაღწევთ დასახულ მიზანს. ძალიან გვინდა ნიჭიერ და შრომისმოყვარე ახალგაზრდებსა და პროფესიოანლ მეცნიერებს შორის ურთიერთობის დაბრკოლება არ არსებობდეს და ახალი თაობა სამეცნიერო დარგების პროფესიონალები იყვნენ.
განათლების და მეცნიერების სამინისტროდან, ან მეცნიერებათა აკადემიიდან არ დაინტერესებულან თქვენი საქმიანობით?
– განათლების სამინისტროდან გამოხმაურება არ გვქონია. რაც შეეხება მეცნიერებათა აკადემიას, ჩვენ თვითონვე გვქონდა მათთან თანამშრომლობის ინიციატივა პორტალის შექმნის პერიოდშივე, თუმცა გარკვეული მიზეზების თუ დიდი ბიუროკრატიის გამო ეს პროცესი ვერ გაგრძელდა.
რა სამეცნიერო გამოწვევების წინაშეა ახლა მსოფლიო?
– მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი მიღწევებია მეცნიერების სფეროში, რთულია მათგან რომელიმე გამოყო. თუმცა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მედიცინის სფეროში მიმდინარე აღმოჩენებია. რომ არა მეცნიერების ძალიან დიდი ძალისხმევა, ებოლას ვირუსის დამარცხება შეუძლებელი იქნებოდა. შესაძლოა ვირუსი კვლავ მძვინვარებს, თუმცა შედეგები შესაძლოა გაცილებით სავალალო ყოფილიყო. ასევე, აღსანიშნავია მეცნიერების მიერ სხვადასხვა ორგანოების 3D პრინტერის საშუალებით გადანერგვის ტექნოლოგია, ან თუნდაც ნანოტექნოლოგიების წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობები. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ ნანოპლასტირები. ორგანიზმში მედიკამენტის შესაყვანად აღარ იქნება საჭირო ნემსი. პლასტერი მაგრდება ხელზე და მხოლოდ ამით მათ შეყავთ გარკვეული დოზით წამალი ჩვენს ორგანიზმში. ნანონაწილაკები თვითონ პოულობენ მავნე უჯრედებს, კლავენ მათ და გამოყავთ ორგანიზმიდან ისინი. ალბათ ხვდებით რამხელა გამოწვევების წინაშეა თითოეული ჩვენგანი, ამ პროცესისგან იზოლირება, ან ამ მიღწევების უგულებელყოფა თითქმის წარმოუდგენელია, ამიტომაც საჭირო და შეიძლება ითქვას, სავალდებულოცაა თითოეული ჩვენგანი სიახლეების ტემპს ავყვეთ.
რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?
– შესაძლოა ამბიციურადაც ჟღერდეს, თუმცა ჩვენი მიზანი საქართველოში სამეცნიერო სფეროს გამოცოცხლება და გააქტიურებაა. მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნები აქცენტს სწორედ მეცნიერების განვითარებაზე ახდენდნენ, რამაც მათ შესაბამისი ზრდა და წინსვლა მოუტანა. თქვენ წარმოიდგინეთ კერძო კომპანიებიც, ეს იქნება ტრანსნაციონალური თუ შედარებით მცირე, ლოკალური ბაზრისთვის. სწორედ მეცნიერებაში დევს მათი პროდუქციის ხელმისაწვდომობის და მომხმარებლისთვის მიმზიდველობის გასაღები. ამ მხრივ, ჩვენ ვაპირებთ უახლოეს მომავალში ქართულ ბიზნესთან თანამშრომლობას და გვაქვს კონკრეტული გეგმები. ვფიქრობ, რომ თუ გვსურს და გვაქვს იმის ამბიცია, რომ განვვითარდეთ და ისეთი ქვეყნების გვერდით დავდგეთ როგორებიც დღეს პოლიტიკურ ამინდს ქმნიან სხვადასხვა რეგიონებში თუ მსოფლიოში, სწორედ მეცნიერებასა და განათლებაში უნდა მოვახდინოთ ჩვენი მატერიალური თუ არამატერიალური რესურსების ინვესტირება, რადგან მის გარეშე არაფერი გამოგვივა.
როგორ შეიძლება ბიზნესი დაინტერესდეს თქვენით?
– ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ბიზნეს სექტორთან მეცნიერულ დონეზე. საქართველოში მოღვაწე ბიზნეს კომპანიებისთვის ვამზადებთ საინტერესო შეთავაზებებს და ვთავაზობთ მათ, თავიანთი საქმიანობა სამეცნიერო დონეზე აიყვანონ, რადგან სწორედ მეცნიერებაში ჩადებულ ინვესტიციებს მოაქვს ყველაზე დიდი მოგება. გვინდა, რომ საქართველოში მოღვაწე კომპანიებს შევთავაზოთ პარტნიორობის პაკეტები. ამ კომპანიებს ვთავაზობთ, რომ მეცნიერული განვითარება და წინსვლა პრიორიტეტად დაისახონ. საჭიროა მიმდინარე საქმიანობის ანალიზი სამეცნიერო საკითხებთან მიმართებით, რათა მხარი ავუბათ მსოფლიო ტექნოლოგიურ და სამეცნიერო მიღწევებს და წინსვლას, რადგან ბიზნესის წარმატების ერთერთი პირველი ფაქტორი სწორედ სიახლეებზე ორიენტირებულობაა. გლობალურ სამყაროში მოღვაწე ტრანსნაციოანალური კომპანიების წარმატება სწორედ მეცნიერულ სიახლეებზე ორიენტირმა განაპირობა. მსგავსი ამბიციების მქონე ქართულ ბაზარზე მოღვაწე კომპანიებისთვის ჩვენი კარი ღიაა.
ესაუბრა – ნინო გაჩეჩილაძე
The Tbilisi Times