უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების სახელმწიფო პროგრამის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების და სამომავლო სამომხმარებლო მოლოდინების პროგნოზირების მიზნით ეკონომიკური კვლევისა და ანალიზის ცენტრმა „დოქტრინა ბიზნეს რევიუ“ (DBR) მორიგი კვლევა ჩაატარა. გამოიკითხა 500-მდე მშობელი საქართველოს მასშტაბით. მკვლევარებს აინტერესებდათ, უფასო სახელმძღვანელობის დარიგებით მიღებული ფულადი ეკონომიის რა ნაწილს დახარჯავდნენ დამატებით მშობლები კლასგარეშე თუ სხვა ლიტერატურის შესაძენად.
როგორც ირკვევა, გამოკითხულ მშობელთა 46%-ი მზად არის, მიღებული დანაზოგის 20%-50% წიგნების შესაძენად დახარჯოს, გამოკითხულთა 32%-ი ფულადი ეკონომიის 51%-70%-ს დახარჯავს წიგნებისათვის, მშობელთა 11%-ი წარმოქმნილი დანაზოგის 70%-100%-ს დახარჯავს ანალოგიური დანიშნულებით. და ასევე მხოლოდ 11%-ი გაიღებს 20%-ზე ნაკლებს წიგნებისათვის.
ამასთან კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის შესაძენად გამოკითხულ მშობელთა 36%-ი მზად არის, მიღებული დანაზოგის 20%-50% დახარჯოს. ამ დანიშნულებით გამოკითხულთა 26%-ი ფულადი ეკონომიის 51%-70%-ს დახარჯავს, მშობელთა 13%-ი წარმოქმნილი დანაზოგის 70%-100%-ს გაიღებს ანალოგიური მიმართულებით, და მხოლოდ 25%-ი გაიღებს 20%-ზე ნაკლებს კლასგარეშ საკითხავი ლიტერატურისათვის.
როგორც DBR-ის ექსპერტები განმარტავენ, კვლევის შედეგების პირველადი ანალიზი იმას მიანიშნებს, რომ უფასო სახელმძღვანელოებიდან მიღებული ეკონომიის ნახევარზე მეტი ისევ წიგნების შესაძენად დაიხარჯება. შესაბამისად 2013 წლის მეორე ნახევრიდან და 2014 წლის განმავლობაში ქვეყანაში წიგნის გამოშვების მაჩვენებელი მკვეთრად მოიმატებს.