დღეს ეკონომიკური კვლევისა და ანალიზის ცენტრმა „დოქტრინა ბიზნეს რევიუ“ (DBR) გამართა პრეზენტაცია თემაზე „უფასო სახელმძღვანელოების სახელმწიფო პროგრამა და საგამომცემლო ბიზნესის მომავალი“. სადაც წარმოდგენილი იყო წიგნის გამომცემელი კომპანიების სხვადასხვა სარეიტინგო მაჩვენებლები.
როგორც DBR-ის ექსპერტები განმარტავენ, საწარმოთა მიერ ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ საქართველოში წიგნის გამოცემით 62 კომპანიაა დაკავებული, აქედან მხოლოდ 12 კომპანიაა ისეთი, რომელიც სახელმძღვანელოებზე მუშაობს. სულ საგამომცემელო საქმიანობით დაკავებული კომპანიების პირველ ოცეულში (დასაქმების მიხედვით) სახელმძღვანელოების გამომცემელი მხოლოდ ოთხი კომპანია გვხვდება. შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი 9-ე ადგილზეა, შპს „გაზეთი საქართველოს მაცნე“ 15-ე ადგილზეა, შპს დიოგენე- 18-ზე ხოლო, გამომცემლობა ინტელექტი 20-ზე.
მთლიანობაში წიგნების გამოშვებაზე დასაქმებული ადამიანების რიცხვი (2012 წლის შედეგები) არის არა ათასობით ადამინი, როგორც ამას გამომცემელთა ნაწილი აცხადებს, არამედ სულ 230, თან ამ რიცხვში შედის როგორც სახელმძღვანელოებზე ასევე სხვა საკითხავ წიგნებზე მომუშავე პერსონალი. „თუ ფაქტებს შევაჯერებთ, ადვილი მისახვედრი ხდება შემდეგი პერსპექტივა: რეფორმის შედეგად, შესაძლოა, რამდენიმე კომპანიაში სამუშაო ადგილი მართლაც შემცირდეს, მაგრამ დარგში დასაქმებული პერსონალის რაოდენობა მთლიანობაში გაიზრდება, იმ მარტივი მიზეზით, რომ უფასოდ დასარიგებელ სახელმძღვანელოებს დაბეჭდვა სჭიდება და ამ პროცესს დასაქმებული ადამიანები ქმნიან. გარდა ამისა, თუ მშობლები დანაზოგიდან მიღებული ეკონომიის მნიშვნელოვან ნაწილს ისევ წიგნებს მოახმარენ, საგამომცემლო საქმეში დასაქმებულები კიდევ უფრო მეტი იქნება. „ –განმარტავენ DBR-ის ანალიტიკოსები.