„გააჩერეთ გენოციდი“, „მე ვარ ასურელი, რომელსაც ცოცხლად წვავენ და თავს აჭრიან“ – სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლები ასურელების მხარდასაჭერად მაშინ გაერთიანდნენ, როდესაც რამდენიმე თვის წინ, ერაყსა და სირიაში მოქმედი ისლამური ტერორისტული დაჯგუფება ISIS სისტემატურად აქვეყნებდა ასურელების წამებისა და მკვლელობის შემზარავ კადრებს. ეს კი ყველასთვის სულისშემძვრელი და სასტიკი იყო, ამის ფონზე 500-მდე ოჯახი მზად იყო ასურელი ბავშვები შეეფარებინა, თუმცა გავიდა რამდენიმე კვირა და საზოგადოების გულისტკივილი, ემოციური შეფასებები, ყველასთვის სულისშემძვრელი კადრები და ბავშვების შეფარების სურვილიც დავიწყებას მიეცა. დღეს შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ საშინელი ფაქტების მერე გახდნენ ასურელები ქართველი საზოგადოებისთვის ნაწილობრივ „ცნობილები“.
ასურელი – ჩემი წარმოშობა, არა ქართული გვარი და მუდამ გაოცებული სახეები მის გაგონებისას.
„სადაურია?“, არ არის ქართველი“, „ქურთია?“, რუსია?“ – ასე დაუსრულებელი ბჭობა ჩემს ეროვნებაზე, შემდეგ კი გაღიზიანებული პასუხი: ასურელი და კვლავ თავიდან დაწყებული „გამოცნობანა“ სარწმუნოებაზე.
სკოლა, ახალი მასწავლებლები, ახალი კლასელები და უცვლელი შეკითხვები. შემდეგ უნივერსიტეტი, ახალი ჯგუფელები, ახალი ლექტორები და კვლავ უცვლელი შეკითხვები. ცოტა არ იყოს და მოსაბეზრებელია ეს ყველაფერი, თუმცა მე მაინც სიამაყით ვპასუხობ, რომ 13 ასურელი მამის შთამომავალი ვარ. მათი, ვის სახელთანაც არის დაკავშირებული VI-ე საუკუნეში საქართველოს სამონასტრო ცხოვრების ჩამოყალიბება და განვითარება.
მე-18-19 საუკუნეებში, როცა მუსლიმანური ქვეყნებიდან ასურელების დევნა დაიწყო, მათ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეს შეაფარეს თავი, მათ შორის იყო საქართველოც, თუმცა ქართველებმა ნაკლებად იციან ჩვენი ისტორია. ისინი უფრო აისორების სახელით გვიცნობენ, რაც არასწორია, რადგან ეს სახელწოდება გავრცელებული იყო რუსეთში და დამამცირებლად ითვლებოდა. დღეს ყველაზე მეტი ასურელი მოსახელობა ერაყშია – 1500000, საქართველოში კი დაახლოებით 5000-მდე ასურელი ცხოვრობს. მათი ადაპტირება საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში სწრაფად მოხდა.
სოფელი ძველი ქანდა, ადგილი, რომელიც მდებარეობს მცხეთის რაიონში, მუხრანის ველზე, მცხეთიდან 10-12 კილომეტრის მანძილზე, არის მთლიანად ასურელებით დასახლებული ტერიტორია.
ეს მიწა მუხრან ბატონისგან იყიდეს და დღეს დაახლოებით 400 ასურელი ოჯახი ცხოვრობს. ჩვენი ენა არამეულია და ეს სწორედ ის ენაა, რომელზეც დაიწერა პირველი სახარება.
სოფელ ძველ ქანდაში სწორედ ამ ენაზე საუბრობენ (თუმცა ქართულიც და სხვა ენებიც კარგად იციან) და პირველად საქართველოში პატრიარქის მონდომებითა და ლოცვა-კურთხევით, სოფელში პატარა საყდრისის გვერდზე, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარი აშენდა. ქანდის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელია და მათი სალოცავი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაა, ადგილი, სადაც მაცხოვრის ენაზე წირვა-ლოცვა აღევლინება. ეკლესიის წინამძღვარი ასურელი სქიმ-იღუმენი სერაფიმე ბიტ-ხარიბია.
რაც შეეხება ტრადიციებს, ამ მხრივ განსაკუთრებულია ეს სოფელი და ზოგადად ეს ერი. ასურელებისათვის ტრადიციული ქრისტიანული დღესასწაულების გარდა, დიდი დატვირთვა ენიჭება მარეზობის დღესასწაულს, იგივე წმინდა მარზაიას, რომლის შესახებაც ქართველებმა ცოტა თუ იციან, თუმცა საყურადღებოა, რომ ანტიოქიის საპატრიარქოც იხსენიებს ამ წმინდანს. იგი 308 წელს დაიბადა და მთელი ცხოვრება იესო ქრისტეს მიუძღვნა. მან 122 წელი იცხოვრა. წმინდა მარზაია ჩვენი ერის მფარველია. ეს დღესასწაული წელიწადში ორჯერ აღინიშნება, პირველი 18 იანვარს, სოფელში გროვდება ფული, რომლითაც საქონელს იძენენ, სამი დღის მარხივს შემდეგ კი კლავენ, ხარშავენ და საკლავს მთელ სოფელს ურიგებენ, ხოლო მეორედ ეს დღესასწაული 14 ივნისს აღინიშნება, სოფელში კვლავ გროვდება რძე, ფქვილი, ერბო და დუღდება ე.წ. „მურთუხა“, ხორცის მსგავსად „მურთუხაც“ მთელი სოფლის მოსახლეობაზე ნაწილდება. დასავლეთ საქართველოს ასურელები ამ დღესასწაულს სურვილის დღეს უწოდებენ. მე 14 ივნისს სოფელს ვესტუმრე და ქანდაში შესვლისთანავე მოსახლეობის ფაცი-ფუცი, მომღიმარი და ბედნიერი სახეები შევნიშნე. დილა იყო, თუმცა თითოეულ უბანში, კონკრეტული სახლის ეზოში, უკვე იყვნენ შეკრებილები ამ უბნის მაცხოვრებლები და ნაწილი „მურთუხის“ მოხარშვაც უკვე მოესწროთ, მაწილს კი ერთმანეთის მონაცვლეობით დიდი ენთუზიაზმით ხარშავდნენ.
„მარეზ ავი ჩომაჯახ „, „ავი ბრიხა მარეზოხუნ“ – ასე ულოცავდნენ ისინი დღესასწაულს ერთმანეთს და ყველას სჯეროდა, რომ წმინდა მარზაია და ამ დღის მადლი შეეწევათ და დაიფარავთ მათ.
ზოგი ხარშავდა, ზოგი კი წმინდა მარზაიას სახელობის ეკლესიაში იყო წასული, სქიმ-იღუმენ სერაფიმე ბიტ-ხარიბთან ერთად. წმინდა მარზაიას სახელობის ეკლესია შორს არის სოფლიდან, თუმცა გრძელი გზა არავის ახსოვდა, ეკლესიამდეც ფეხით მივიდნენ. იქ კი მამაომ წმინდა მარზაიას პარაკლისი გადაიხადა, ამასობაში მოსაღამოვდა, „მურთუხაც“ მოიხარშა და გადანაწილდა კიდეც.
ასურელებს გვაქვს ასევე განსაკუთრებული ახალი წელი, რომელიც 1 აპრილს აღინიშნება. არამეულად მას „ხაბ-ნისანი“ ჰქვია. ეს არის გაზაფხულის მოსვლისა და ბუნების გამოცოცხლების დღესასწაული, რომელიც დაკავშირებული იყო მინდვრის სამუშაოების დაწყებასთან. შუამდინარეთი ძალიან ნაყოფიერი მიწა იყო, ამიტომ ასურელები მოსავალს ორჯერ, აპრილსა და სექტემბერში იღებდნენ, შესაბამისად ყველაფერი ახლის დასაწყისად აპრილი ითვლება და მას ისე აღნიშნავენ, როგორც ახალ წელს. დღესასწაულის სახელიც აქედან გამომდინარეობს: ხა – ასურულად პირველს ნიშნავს, ნისანი – აპრილს. იგი ოფიციალურად 1968 წელს მსოფლიო ასურული კონგრესის პირველ ხდომაზე აღადგინეს. შექმნეს ეროვნული კალენდარი, რომელიც დაეფუძნა უძველეს წელთაღრიცხვას. ასურული კალენდრის მიხედვით, 2015 წელს მათთვის 6765 წელი დადგა.
როგორც უკვე გითხარით ქანდაში ასურულ ენაზე საუბრობენ, თუმცა მხოლოდ საუბრობენ და მშობლიურ ენაზე წერა-კითხვა არ იციან. სოფელში ასურული დამწერლობის მცოდნე, ერთგული და მშობლიური წიგნების მოყვარული, მხოლოდ 82 წლის გრიშა ათანეზოვია დარჩენილი. ძველი წიგნები მასთან ინახება და თუ ვინმეს ასურელების ისტორია აინტერესებს ყველა მას მიმართავს. მეც გრიშა პაპას ვესტუმრე რამდენიმე კითხვით. მან ასურელების ისტორია და არამეული ენა თვითონ ისწავლა. ჯერ ანბანი, შემდეგ კი წერა-კითხვა ისწავლა, რის შემდეგაც გაუადვილდა წიგნების კითხვა. როგორც მან თქვა : „არამეული არის საკმაოდ რთული ენა, რადგან ნებისმიერ სიტყვაში იწერება ასოები, რომლებიც არ იკითხება. ისე კი თბილი ჟღერადობისაა“.
გრიშა პაპა, პირველ რიგში მაინტერესებს როგორია საქართველოში ასურელების ისტორია?
– ვინც კი ჩემთან მოდის, ყველას ეს საკითხი აინტერესებს, როდის და რატომ ჩამოვედით, თუმცა ძალიან ძნელია პაპა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან ინფორმაცია ამის შესახებ ძალიან მწირია და ოფიციალური დოკუმენტებიც აღარ არსებობს. ერთ-ერთი ასურული წიგნის მიხედვით 25 საუკუნეა, რაც ტოლვილები ვართ და სხვადასხვა ქვეყნებში ვართ გაფანტულები. ჩვენი ისტორია სისხლიანი ისტორიის სახელით არის ცნობილი. ასურეთი ძვ.წ .მე-7 საუკუნესი დაიშალა და მუსლიმთა მიერ შევიწროებული ასურელები მიმოიფანტნენ. მათი მცირე ტალღა ურმიიდან საქართველოსკენ დაიძრა და კომპაქტურად სოფელ ძველ ქანდაში დასახლდნენ.
სოფელში მოსახლეობის უმრავლესობა არამეულ ენაზე საუბრობს, რა ცნობები გაქვთ შემონახული თქვენი ენის შესახებ და როგორ მოახერხეთ მისი შენარჩუნება?
– მე უამრავი წიგნი მაქვს, სადაც ჩვენი ენის წარმოშობაზეა საუბარი. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ენა, რომელზეც ქრისტე საუბრობდა სწორედ ასურელების ენაა, რომელიც წამოსულია აქადური ენიდან, სწორედ აქადური ენა არის ჩვენი ძირძველი ენა, თუმცა ჩვენი გაჭირვება იცი რა არის? წლებთან ერთად ჩვენ სრულყოფილად ვეღარ ვფლობთ მას.
რატომ მოხდა ისე, რომ სოფლის დაახლოებით 400 ოჯახიდან მხოლოდ თქვენ იცით მშობლიურ ენაზე წერა-კითხვა?
– არ ვიცი პაპა. ამაზე მეტი საამაყო რა უნდა ჰქონდეს ადამიანს, როცა იცი, რომ ქრისტე შენს ენაზე საუბრობდა და სწორედ შენმა წინაპრებმა ერთ-ერთმა პირველებმა შექმნეს ანბანი. იყო მცდელობა ქართულ სკოლაში არამეული ენა ესწავლებინათ, თუმცა სამწუხაროდ არაფერი გამოვიდა. დღეს სოფელში მხოლოდ ერთი ქართული სკოლაა, სადაც ბავშვები არ სწავლობენ მშობლიურ ენასა და ისტორიას. არადა თუ ადამიანმა მშობლიური წერა-კითხვა, შენი ქვეყნისა და წინაპრების ისტორია არ იცი, არც სიყვარული და სიამაყე გექნება მათი.
გრიშა პაპა, ენის მსგავსად ტრადიციებიც ხომ არ მიეცა დავიწყებას?
– ჩემს ბავშობაში განსხვავებული ტრადიციები გვქონდა, განსხვავებული იყო ქორწილიც, დაკრძალვაც და სხვა ბევრი რამ, რაც ნელ-ნელა გაქრა და მხოლოდ რამდენიმე შემოგვრჩა. სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლია და ჩვეულებრივ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებში იწერენ ჯვარს, ინათლებიან, იხდიან პარაკლისებს, პანაშვიდებსა და აღნიშნავენ ყველა მართლმადიდებლურ დღესასწაულს.
ასურელებს უცხო გვარები გაქვთ, ყოფილა თუ არა თქვენი გვარისა და ეროვნების გამო რაიმე სახის დისკრიმინაცია ქართველების მხრიდან?
– რა თქმა უნდა, როგორც მე, ისე სხვა ბევრი ასურელი დაჩაგრულა თავისი ეროვნების გამო. თუმცა ჩვენ გაგებით ვეკიდებით ამას, რადგან არ იციან ჩვენი ისტორია და დაფასებაც არ ხდება.
გრიშა პაპამ აღნიშნა, რომ ასურელები მშენებლობა-მოპირკეთების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევიან. სწორედ ურმიიდან ჩამოსახლებული ასურელების შექმნილია უზენაესი სასამართლოს შენობის შესასვლელი ჭერის მოხატულობა, აგრეთვე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის დიდი ნაწილი.
ესაუბრა
ლაკო ბიტ-ბაბიკოვი