BBC-ის ცნობით, საბერძნეთში ბანკები მთელი კვირის განმავლობაში დაკეტილი იქნება, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ, მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უარი თქვა ათენის დაფინანსების გახანგრძლივებაზე.
ასევე მთელი კვირის მანძილზე შეზღუდული იქნება “ბანკომატებიდან” თანხის გატანა, მსურველს მაქსიმუმ 60 ევროს გატანის შესაძლებლობა ექნება დღის განმავლობაში.
საბერძნეთის მთავრობამ საერთაშორისო კრედიტორებს ხვალამდე 1.6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი უნდა გადაუხადოს, სწორედ ხვალ არის ვალის გადახდის საბოლოო ვადა. თუმცა, მოახერხებს თუ არა ათენი ამას, ჯერ უცნობია.
ამ დრომდე ათენმა და საერთაშორისო კრედიტორებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი უარს აცხადებს კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, გარკვეული რეფორმების გატარებაზე. მან აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისთვის 5 ივლისს რეფერენდუმი დანიშნა. თუ საბერძნეთმა უახლოეს რამდენიმე დღეში აღნიშნული პრობლემა ვერ მოაგვარა, მას დეფოლტი ემუქრება, უფრო მეტიც, საუბარია საბერძნეთის ევროზონიდან გასვლაზეც.