ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქმენეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ თურქმენეთის მინისტთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე სატლიკ სატლიკოვი, აგრეთვე, საავტომობილო ტრანსპორტის მინისტრი მაკსატ აიდოგდიევი, სარკინიგზო ტრანსპორტის მინისტრი ბაირამ ანამერედოვი, წყლის მეურნეობის მინისტრი სეიტმურატ ტაგანოვი და სხვა ოფიციალური პირები.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, საგარეო ვაჭრობის, ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ლოგისტიკის საკითხები.
მხარეებმა გამოხატეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მკვეთრად გამოხატული ინტერესი, მათ შორის, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა იმ სამუშაოებზე, რომელთაც როგორც საქართველო, ისე თურქმენეთი ახორციელებენ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თურქმენეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი დიდი აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში. მისი განცხადებით, საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობის სრულიად ახალი ეტაპი იწყება, რომელიც ქვეყნების სტრატეგიულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლომდე, საქართველოსა და შემდეგ თურქმენეთში ჩატარდება წარმომადგენლობითი ბიზნეს-ფორუმები, რომლის დროსაც ორი ქვეყნის საქმიანი წრეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთის შესაძლებლობებს.
ხვალ საქართველოს თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ეწვევა. საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მის ვიზიტს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების დადასტურება უწოდა.