“ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ბუნება. ჩემთვის ბუნება პირდაპირი მნიშვნელობით ყველაფერია! ამ საკითხში საქართველოს ბადალი არ ჰყავს მსოფიოს ქვეყნებს შორის: მთები, ზღვა, სუფთა მდინარეები, ველური ადგილები… უკრაინაც ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ საქართველო დამამახსოვრდა განსაკუთრებით თბილი და კეთილი ადამიანებით. ამიტომ, როდესაც 2010 წელს გადავდექი ქ. კიევის მერობიდან, მტკიცედ გადავწყვიტე დავბრუნდე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებში და ნამდვილად არ მინანია! მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე ჩემი კერძო თვითმფრინავით შემოვიარე მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, ბევრი რამ ვნახე, მაგრამ ჩემთვის თქვენს ქვეყანაზე უფრო კომფორტული ადგილი მაინც ვერსად ვიპოვე. მე აქ აბსოლუტურად ყველაფერი მომწონს – ხალხი, სამზარეულო, ბუნება,” – უკრაინის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი.
საქართველოში ლეონიდ ჩერნოვეცკი აფინანსებს მსხვილ საქველმოქმედო პროექტს – ფონდ ,,სოციალურ პარტნიორობას“, რომელიც ყოველდღიურად ეხმარება ასეულობით უმწეო მოხუცებულს და სოციალურად დაუცველ ბავშვს, უკრაინაში კი ანალოგიური ფონდი ყოველდღიურად სადილით და ტანსაცმლით უზრუნვეყოფს 2000 – ზე მეტ უსახლკაროს და პენსიონერს.
თუ რას წარმოადგენს ფონდი ,,სოციალური პარტნიორობა“, რა სახის ღონისძიებები ტარდება აღნიშნული ფონდის ფარგლებში, რატომ გადაწყვიტა მან საქართველოში ცხოვრება, ამ და სხვა საინტერესო თემებზე „თბილისი თაიმსს“ უკრაინის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ესაუბრა.
ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თქვენ ძალიან გიყვართ საქართველო. აქ თქვენ თავს მშვიდად და დაცულად გრძნობთ. თქვენ საქართველოში სხვადასხვა ადგილები გაქვთ შემოვლილი. რამ განაპირობა თქვენს მიერ საცხოვრებლად აჭარის, კერძოდ კი ქ. ქობულეთის არჩევა? რომელ ადგილებს დაასახელებდით კიდევ, რომლებიც განსაკუთრებით მოგწონთ?
– მე საქართველო ნამდვილად, მთელი გულით მიყვარს. თქვენს ქვეყანასთან მაკავშირებს ბევრი თბილი მოგონება ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან, როდესაც მე ქართველი მეუღლე მყავდა შორეულ 1977 წელს, ჩამოვდიოდი მასთან სტუმრად საქართველოში ჯერ კიდევ 1974 წლიდან. სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველოში ხალხი უკეთ ცხოვრობდა. მე ყოველთვის მხვდებოდნენ და მასპინძლობას მიწევდნენ როგორც სიძეს ჩემი მეუღლის ნათესავები. 1978 წელს კი თბილისში დაიბადა ჩემი პირველი შვილი – სტეფანე.
ყოველთვის მიყვარდა საქართველოში მოგზაურობა. ჩემი სიმამრი მაძლევდა მანქანას და მე მეუღლესთან და შვილებთან ერთად საქართველოს ბევრი ლამაზი ადგილი მოვიარეთ, ვჩერდებოდით მეუღლის ნათესავებთან, სადაც ყოველთვის სიხარულით გვხვდებოდნენ, გემრიელი კერძებით გვიმასპინძლებოდნენ და ბევრ კარგ სუფრაზე მოვხვედრილვართ…
ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ბუნება. ჩემთვის ბუნება პირდაპირი მნიშვნელობით ყველაფერია! ამ საკითხში საქართველოს ბადალი არ ჰყავს მსოფიოს ქვეყნებს შორის: მთები, ზღვა, სუფთა მდინარეები, ველური ადგილები… უკრაინაც ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ საქართველო დამამახსოვრდა განსაკუთრებით თბილი და კეთილი ადამიანებით. ამიტომ, როდესაც 2010 წელს გადავდექი ქ. კიევის მერობიდან, მტკიცედ გადავწყვიტე დავბრუნდე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებში და ნამდვილად არ მინანია! მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე ჩემი კერძო თვითმფრინავით შემოვიარე მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, ბევრი რამ ვნახე, მაგრამ ჩემთვის თქვენს ქვეყანაზე უფრო კომფორტული ადგილი მაინც ვერსად ვიპოვე. მე აქ აბსოლუტურად ყველაფერი მომწონს – ხალხი, სამზარეულო, ბუნება.
უკვე 4 წელია საქართველოში ვცხოვრობ და მუდმივად ვმოგზაურობ. შემოვიარე ქვეყნის 90 პროცენტი. ვნახე ჩანჩქერები, მთები, ტბები. ყველაფერი თავისებურად ლამაზია. მაგრამ ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ტაბაწყურის ტბა. აქ ნამდვილი სამოთხეა. ის ღრმა და სუფთაა, გარშემორტყმულია მაღალი მთებით. კიდევ მომეწონა ომალო… მაგრამ მე ის ადგილიც მომწონს, სადაც დავსახლდი – ეს ქობულეთია. ჩემი სახლი ზღვის ნაპირზეა… ეს ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი მეუღლე ელენა და მცირეწლოვანი ვაჟი გაბრიელი. რატომ მაინცდამანც ქობულეთი? იმიტომ, რომ საბჭოთა პერიოდში ხშირად ჩამოვდიოდი ამ ადგილებში და ისინი განსაკუთრებით შემიყვარდა.
როგორც „თბილისი თაიმს“-ისთვისაა ცნობილი თქვენ საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას ეწევით და აფინანსებთ მსხვილ საქველმოქმედო პროექტს – ფონდს „სოციალური პარტნიორობა“. პირველ რიგში, როგორც საქართველოს მოქალაქემ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. რატომ გადაწყვიტეთ დაკავდეთ ჩვენთან საქველმოქმედო საქმიანობით ამ სფეროში და რა სახის ღონისძიებები ტარდება თქვენი ინიციატივით ამ ფონდის ფარგლებში? თვეში რამდენი ლარი იხარჯება თითოეულ ბავშვზე?
– ლეონიდ ჩერნოვეცკი: თავის დროზე უკრაინაში მსხვილი ბიზნესმენი ვიყავი. ვიყავი ბანკის, ქარხნების, ელექტროსადგურის მფლობელი. ჟურნალ ფორბსის მონაცემებით ამ წლის ყველაზე მდიდარი უკრაინელების სიაში მე-13 ადგილზე ვარ. ბიზნესმენებს ძალიან კარგი გამონათქვამი გვაქვს: ჯერ ფულს ვშოულობთ რაიმე გარკვეული მიზნის გარეშე, ანუ ფულს ფულისთვის, მაგრამ შემდეგ ბიზნესმენი, თუ ის ნამდვილად ბიზნესმენია, საზოგადოებას უბრუნებს იმაზე მეტ ფულს, ვიდრე თავის დროზე მისგან მიუღია. ჩემთვის გაცემის ეს პერიოდი 1996 წელს დაიწყო. მაშინ კიევში გავხსენი სასადილო უქონელთათვის, სადაც დღესდღეობით ყოველდღიურად 2000 ადამიანზე მეტი იკვებება, ეს თითქმის მილიონია წელიწადში.
რაც შეეხება თქვენს კითხვას იმის შესახებ თუ რა თანხა იხარჯება ერთ ბავშვზე საქართველოში, გიპასუხებთ, რომ საკმარისი თანხა იხარჯება…, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ ჩემს ბავშვთა სახლებში შექმნილია საუკეთესო სტანდარტები ბავშვების ცხოვრებისათვის და მათთვის არაფერი მენანება. ისინი ცხოვრობენ არანაკლებ პირობებში, ვიდრე ეს ევროპის მსგავს სახლებშია.
ჩემთვის რთულია პასუხის გაცემა კითხვაზე თუ რატომ აკეთებს ადამიანი კეთილ საქმეებს, ისევე როგორც კითხვაზე, რატომ არ აკეთებს…. მე არ მინდა ვისაუბრო თემაზე როგორი კეთილი ვარ მე. ეს ძალიან ბანალურია და, ჩემი აზრით, არაქრისტიანული. მე ვაკეთებ იმას, რასაც გული მთხოვს, სულ ეს არის. სიმართლე გითხრათ, იმაზე მეტად, რასაც ბავშვებისთვის ვაკეთებ, ვამაყობ იმით, რასაც ვაკეთებ საწოლს მიჯაჭვული მოხუცებისთვის, რომელთაც პატრონი არ ჰყავთ. ეს ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. ჩვენ სერიოზულად ვეხმარებით თითქმის 500 ძალიან ღარიბ ადამიანს. ათობით მედდა არის ამ საქმეში ჩართული, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ.
არსებობს კიდევ რიგი საქველმოქმედო პროგრამებისა, რასაც მე საქართველოში ვახორციელებ, რომელთა ნახვაც შეგიძლიათ ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ საიტზე. ამაზე მეტს აღარ ვილაპარაკებ, თორემ გამოდის რომ თავს ვიქებ იმით, რაც ვალდებულია თავის სიცოცხლეში გაკეთოს ნებისმიერიმა მდიდარმა ადამიანმა.
მე ბევრ პროგრამას ვახორციელებ ჩემს სამშობლოშიც-უკრაინაში და აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია – პენსიონერებისა და უპატრონო, მიუსაფარი ადამიანებისთვის დახმარების გაწევა.
რამდენი ოჯახის ტიპის მცირე სახლი ფუნქციონირებს ამჟამად? რა აქტიურობებია გათვალისწინებული ბავშვებისთვის, რა პრიორიტეტები გააჩნია ამ ტიპის სახლებს და ხომ არ იგეგმება ახალი პროექტები?
– დღეს გვაქვს ორი სახლი. ერთში ცხოვრობს 10 ბავშვი და ჩვენ გვაქვს ამ სახლზე ჯანდაცვის სამინისტროს ლიცენზია. მეორე სახლში, რომელიც 50 ბავშვზეა გათვლილი და ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულ უარს აცხადებს ამ სახლზე ლიცენზიის გაცემაზე და ჩემს ფონდს სასამართლოშიც უჩივის რათა დახუროს ეს სახლი.
ჩემთვის სრულიად გაუგებარია სამინისტროს ლოგიკა საქართველოში ბავშვთა სახლების გახსნის ტემპის შენელებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ საქართველო ღარიბი ქვეყანა და თბილისის ქუჩებში ბევრი მათხოვარი დადის. ერთ დროს უკრაინაში დაკავებული ვიყავი იმის გამორკვევით, თუ საიდან ჰყავთ ამდენი პატარა ბავშვი დედებს-მათხოვრებს და გამოვარკვიე რომ ზოგიერთი დედა აქირავებს თავის შვილს პროფესიონალ თაღლითებზე, რომელთაც ისინი ხელში უჭირავთ და ქუჩებში მათხოვრობენ. ამ ბაზარზე ჩვილი ბავშვი უფრო ძვირია, 3 წლის შემდეგ ბავშვის ფასი ვარდება, რადგან თაღლითებს ისინი აღარ სჭირდება. საქონელი უფასურდება.
ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ქუჩაში მოხვედრილი ბავშვები, პრაქტიკულად, უკან სოციალურად ჯანმრთელები აღარ ბრუნდებიან. ბავშვები ეჩვევიან „კეთილი ადამიანების“ მიწოდებულ ფულს და ამ ფულით ნარკოტიკებსა და სპირტიან სასმელებს ყიდულობენ. ზოგი ახერხებს და დღეში ამ გზით 100 ლარამდე ფულს შოულობს. რა თქმა უნდა, იმისთვის რომ ერი ჯანმრთელი იყოს, ასეთი რამის დაშვება არ შეიძლება, ბავშვი არ უნდა მოხვდეს ქუჩაში და უნდა გაიგზავნოს კარგ ბავშვთა სახლში, სადაც ის იცხოვრებს უფროსების, ჯანდაცვის სამინისტროს მეთვალყურეობის ქვეშ და ისწავლის სკოლაში. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ისინი კატეგორიულად წინააღმდეგნი არინ ბავშვთა სახლების გახსნის და მიესალმებიან მხოლოდ ბავშვების ოჯახებისთვის გადაცემას. მაგრამ სადაა ისეთი ოჯახები, სადაც ბავშვებს სწორად აღზრდიან, მისცემენ კარგ განათლებას, აჭმევენ, ჩააცმევენ და დაახურავენ. ერთ მაგალითს მოვიყვან. ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში ჩვენ ვნახეთ ოჯახი, სადაც ცხოვრობდა 8 ბავშვი. მათ არ ჰქონდათ საჭმელი, სკოლაში და საბავშვო ბაღში არ დადიოდნენ, ცხოვრობდნენ ბარაკში და არ ჰქონდათ გათბობის საშუალება. ანუ, საერთო ჯამში უსახლკაროები იყვნენ. ჩვენ ამ ოჯახს მივეცით ტელევიზორი, მაცივარი, სხვა საჭირო საოჯახო ნივთები, ჩავაცვით, დავახურეთ, თითოეულს 100 დოლარს ვაძლევდით თვეში. ყოველთვიურად ამ ოჯახს ფონდი 800 დოლარს ურიცხავდა. მერე, ერთ დღეს გაზეთებიდან შევიტყვეთ, რომ ამ ოჯახში ქმარმა ცოლს ბავშვების თვალწინ ყელი გამოჭრა, თავად კი მოგვიანებით თავი ჩამოიხრჩო ტყეში. ჩვენ მივმართეთ სოციალურ სამსახურებს და ვთხოვეთ ბავშვები გადმოეცათ ჩვენი ბავშვთა სახლისთვის. ჩვენ უარი გვითხრეს, ბავშვები კი გადაანაწილეს მათთვის უცნობ ოჯახებში, რომლებსაც ადრე ეს ბავშვები თვალითაც არ უნახავთ და არ ეხმარებოდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი პირობები ნამდვილად არაა სახარბიელო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანები დააშორეს ერთმანეთს და დაკარგეს ნათესაური კავშირები. მე ვთვლი, რომ ეს საკითხისადმი უგულო მიდგომაა, რომელიც აუცილელად შეიძლება და უნდა გამოსწორდეს.
რამდენი ბავშვის გაზრდას გეგმავთ „ოჯახური ტიპის პატარა სახლებში“ და საჭიროა თუ არა ასეთი ტიპის სახლების გამრავლება?
– ჩემი აზრით, საქართველოში, ისევე როგორც პოსტ საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში, აუცილებელია ოჯახური ტიპის სახლების გახსნა. პირადად მე რამდენიმეს კიდევ გავხსნიდი, მაგრამ სახელმწიფო ორგანოებთან კონფრონტაციაში შესვლა და მათთან ბრძოლა ჩემი სტიქია არ არის. მე აქ ერთი ჩვეულებრივი სტუმარი გახლავართ და პოლიტიკით დაკავებას ნამდვილად არ ვაპირებ. არც არავისთან დავა და არავისი გაკრიტიკება მსურს.
რა პრინციპით ხორციელდება ბენეფიციარების არჩევა ბავშვთა სახლისთვის და როგორია ასაკობრივი ზღვარი ბავშვებში?
– ჩვენ მივმართავთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ეკლესიებს, ვეძებთ იმ ოჯახებს, რომლებშიც ბავშვებს პურის გარდა არასოდეს არაფერი უჭამიათ, არ დადიან სკოლებში ტანსაცმელის უქონლობის გამო და ა.შ. ყველაფერს ამას აკეთებს ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ქვრივიშვილი კომისიასთან ერთად, რომელსაც ის აყალიბებს. გიორგი ამ საქმეს სერიოზულად უდგება. ნაცნობობით არავინ აგვყავს – არც აღმზრდელები და არც ბავშვები.
თუ თქვენ მონაწილეობას მიიღებთ ფონდის მუშაობაში, რა კრიტერიუმებით შეარჩევთ აღმზრდელებს და პედაგოგებს? გყავთ ფსიქოლოგები და სპეციალისტები სპეციალური განათლებით?
– პირადად მე არ ვერევი ფონდის მუშაობაში. არსებობს გიორგი და მისი კეთილი და საქმიანი თანამშრომლების გუნდი. რა თქმა უნდა გვყავს ფსიქოლოგები და ბევრი სხვა თანამშრომლები. კონკრეტულად კი ფონდის ყველა პრობლემა ფონდის მმართველის – ქვრივიშვილის კისერზეა. ყველაფერი ეს მისი დამსახურებაა. მე მას სრულიად ვენდობი. ის ყოველთვიურად ანგარიშს მაბარებს ჩატარებული სამუშაოების და ფინანსური ნაწილის შესახებ, წარმომიდგენს ახალ იდეებსა და წინადადებებს ფონდის ქველმოქმედებისთვის, ურთიერთობა აქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან და გეგმავს ჩემს ბიუჯეტს. გაესაუბრეთ მას. ბევრს საინტერესოს შეიტყობთ ფონდის ცხოვრებიდან. გიორგი ძალიან კეთილშობილი ადამიანია და თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი.
იჩენს თუ არა თქვენი ფონდის მიმართ დაინტერესებას ჩვენი სახელმწიფო? რამდენად აქტიურად ერთვებიან ჩვენი მოქალაქეები თქვენი ფონდის მუშაობაში? გამოუჩენიათ თუ არა თანამშრომლობის ინიციატივა?
– ფონდის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ მოქალაქეებიც, მეწარმეებიც, სახელმწიფოც და ყველას ამისთვის მადლობას ვუხდი. მინდა ვთქვა, რომ საქართველოში სახელმწიფო მეტ ყურადღებას უთმობს მიუსაფარ და უპატრონო ადამიანებს ვიდრე უკრაინაში, რაც ძალიან პოზიტიური ამბავია.