ერთიანი ეროვნული, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტებს დღეს, აეროპორტიდან, კერძოდ, “საქართველოს ფოსტის” საბაჟო ტერმინალიდან თბილისისა და რეგიონების პოლიციის მთავარ სამმართველოებში გადაიტანენ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2013 წლის გამოცდებისათვის ტესტები კონფიდენციალური დოკუმენტაციის ბეჭდვაში აღიარებულმა ავტორიტეტმა, ბრიტანულმა კომპანია “სტივენ ოსტინმა” დაბეჭდა. 1768 წელს დაფუძნებული კომპანია “სტივენ ოსტინი” დღეისათვის მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე 20 ქვეყნის საგამოცდო ცენტრსა და განათლების სამინისტროს ემსახურება.
ცენტრის ცნობის, ტესტების შეფუთვისა და ტრანსპორტირებისას დაცულ იქნა უსაფრთხოების ყველა ზომა – საგამოცდო ტესტები მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტებში, რომელთა გახსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია. პაკეტები ჩაეწყო ყუთებში და დაილუქა. დალუქული და პალეტებზე განთავსებული ყუთები მოთავსდა კონტეინერში, რომელსაც სამი სხვადასხვა ტიპის ლუქი დაედო.
ამასთან, ცენტრში განმარტავენ, რომ საგამოცდო ცენტრებს ტესტები უშუალოდ გამოცდის დღეს მიეწოდება. დალუქული ყუთების ტრანსპორტირება კი, უშიშროების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანხლებით მოხდება.
18.06.13