ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს უზენაეს სასამართლოში შეხვდა. ფინანსთა სამინინისტროს ინფორმაციით, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მესამე ეტაპის ფარგლებში, დამოუკიდებელი სასამართლოს ფინანსური მხარდაჭერისა და სასამართლო სისტემაში საგადასახადო და ადმინისტრაციული დავების პროცედურების გამარტივების საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეხვედრის დროს.
როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღინიშნა, სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და სტაბილურობისთვის, ხარისხიანი და დროული გადაწყვეტილებების მიღებისთვის, მნიშვნელოვანია, მოწესრიგდეს სასამართლო სისტემის ფინანსური მხარდაჭერის საკითხები, რაც გულისხმობს, როგორც მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე მოსამართლეთა კომპენსაციების, კერძოდ, მათი საპენსიო უზრუნველყოფის საკითხების მოგვარებას.
ფინანსთა მინისტრმა ასევე, ხაზი გაუსვა აღნიშნული რეფორმის და ფინანსურად დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას. ამავე დროს, მან ისაუბრა ფინანსთა სამინისტროში დავების სისტემის, ხოლო სასამართლოში საგადასახადო და ადმინისტრაციული დავების პროცედურების გამარტივების აუცილებლობაზე, რაც ბიზნესის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორივე მიმართულებით უზენაეს სასამართლოსა და ფინანსთა სამინისტროს შორის აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა გაგრძელდება, რათა ერთის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა უზრუნველყოფილი იყოს ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო მეორეს მხრივ, საგადასახადო დავების განხილვის პროცედურები როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე სასამართლო სისტემებში იყოს უფრო მოქნილი და გამარტივებული.