12 ივლისს მართმადიდებლური სამოციქულო ეკლესია პეტრე-პავლობის დღესასწაულს ზეიმობს, რითაც მთავრდება პეტრე-პავლობის მარხვა, რომელიც 8 ივნისს დაიწყო.
პეტრე და პავლე თავიანთი ღვაწლით იმდენად გამოირჩნენ ქრისტეს სხვა მოწაფეებისგან, რომ ეკლესიამ „მოციქულთა თავნი“ ანუ მეთაურები უწოდა და ერთ დღეს დააწესა მათი ხსენება.
წმინდა პეტრე მოციქული ანდრია პირველწოდებულის ძმაა. სანამ ქრისტეს შეუდგებოდა მას სიმონი ერქვა, ხოლო პეტრე თავად უფალმა დაარქვა, მისი მტკიცე რწმენისა და საღმრთო გულმოდგინებისთვის, რაც ნიშნავს კლდეს.
პეტრე უბრალო მეთევზე იყო, მაგრამ მან პირველმა აღიარა ქრისტე ღვთის ძედ. ერთხელ ქრისტემ მოწაფეებს ჰკითხა: „თქვენ რას ამბობთ ჩემზე, ვინ ვარ მე?“ სიმონ-პეტრემ უთხრა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა.“ ხოლო იესომ მიუგო:“ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რადგან ხორცმა და სისხლმა არ გამოგიცხადა შენ, არამედ ჩემმა ზეცათა მამამ. და მე გეუბნები შენ: შენ ხარ პეტრე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან მას. და მოგცემ შენ ცათა სასუფევლის კლიტეებს და რასაც შეკრავ ქვეყანაზე, შეკრულ იქნება ცაში. და რასაც გახსნი ქვეყანაზე, გახსნილ იქნება ცაში.“(მათე:16-15,19).
ამ სიტყვებით „კლიტენი“ და „შეკვრისა და გახსნის“ უფლება მიენიჭა „თავკიდურ ლოდზე“-ქრისტეზე დაფუძნებულ ერთიან მსოფლიო ეკლესიას. კლდეში კი იგულისხმება პეტრეს აღიარება, ანუ ჭეშმარიტი რწმენა, რომელზეც არის აშენებული სწორედ ეს ეკლესია.
წმინდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა. როდესაც რომის იმპერატორის ბრძანებით მისი ჯვარზე გაკვრა მოინდომეს, პეტრემ სიმდაბლით ითხოვა ჯვარზე თავდაღმა დაეკიდებინათ, რადგან თავი უფლის მსგავსად წამების ღირსად არ მიიჩნია.
პეტრე მოიქულმა დაგვიტოვა 2 ეპისტოლე, რომლებიც ახალი აღთქმის წიგნებშია ჩართული. მარკოზის სახარებაც მის მიერ არის მოწონებული და ნაკურთხი.
წმინდა პავლე ისრაელინი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. მოციქულად მოწოდებამდე მას სავლე ერქვა. მას ისე სძულდა ქრისტიანები, რომ „ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ“. ერთხელ ქრისტიანთა დასატყვევებლად დამასკოში მიმავალმა სავლემ ზეციდან გარდამოსული ნათელი იხილა, ზეციური ხილვით გაოგნებული და შეშინებული „დაეცა ქვეყანასა ზედა და ესმა ხმაი, რომელმან ჰრქუა მას, საულ, საულ, რაისა მდევნი მე ?“. კითხვაზე: „შენ ვინ ხარ, უფალო ?“ ნათლით გამოისმა: „მე ვარ იესო, რომელსა შენ მდევნი!“ (საქმე 9-3,5). იესომ უბრძანა სავლეს ქალაქში შესულიყო და დანარჩენი იქ გაეცხადებოდა. იგი წამოდგა, მაგრამ სვლა ვეღარ შეძლო, რადგან დაბრმავებულიყო. სავლე მხლებლების დახმარებით შევიდა დამასკოში, სადაც სამი დღის შემდეგ, უფლისმიერი კურთხევით მოციქულმა ანანიამ მონათლა და მხედველობაც დაუბრუნდა.
ამის შემდეგ, პავლე უფლის გამორჩეული მოციქული და მტკიცე აღმსარებელი გახდა. სამი წლის განმავლობაში თავად მაცხოვარი ეცხადებოდა, სჯულს ასწავლიდა და ქრისტიანობის საქადაგებლად ამზადებდა. მან უამრავი ადამიანი მოაქცია, სასწაულებით ამტკიცებდა ქრისტეს სჯულის ჭეშმარიტებას. უფლის არცერთ მოწაფეს არ დაუთმენია იმდენი ვნება, ტანჯვა და წვალება, რამდენიც უფლის ამ რჩეულმა ჭურმა დაითმინა. განსაცდელებით დამძიმებული პავლე ამ სოფელშივე შეიქმნა ენითაუწერელი ნეტარების ღირსი: იგი მესამე ცაზე იქნა ატაცებული, სამოთხის სიტკბოება იგემა.
მას 67 წელს იმპერატორ ნერონის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს: „წარუპყრა ქედი თჳსი წმიდამან პავლე მეჴრმლეთა მათ სიხარულითა. და ვითარცა მოჰკუეთა თავი მეჴრმლემან მან, მეყსეულად მადლითა ღმრთისაჲთა სძჱ გამოჴდა სისხლისა წილ ქედისაგან წმიდისა პავლჱსა“. ამ სასწაულის მხილველებმა ადიდეს უფალი. რომში დღესაც უჩვენებენ ადგილს, სადაც წმინდა მოციქული აწამეს.
პავლე მოციქულმა დაგვიტოვა 14 ეპისტოლე, რომელიც ახალი აღთქმის წიგნებში შედის.
დღესასწაულის მნიშვნელობაზე „თბილისი თაიმსს“ თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის, რუსული ეკლესიის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზ გიორგი სხირტლაძე ესაუბრა:
“პეტრე-პავლობის დღესასწაული აღინიშნება ადრეული ქრისტიანული ხანიდან და მიძღვნილი არის პირველ რიგში თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლეს ღვაწლის აღსანიშნად. უძრავი დღესასწაულია და ყოველთვის ავღნიშნავთ 12 ივლისს. მას წინ უძღვის ცვალებადი ხანგრძლივობის მარხვა, რომლიც აღდგომის დრესასწაულზეა დამოკიდებული.
პეტრე-პავლობის მარხვა არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, საშუალება იმისა, რომ ადამიანმა თავი განიწმინდოს, მოემზადოს ზიარებისათვის, ხშირად იფიქროს იმაზე რაც არის „სასუფელი ცათა“ და გაიაზროს ის სამოციქულო ღვაწლი რაც აღასრულეს წმინდა მოციქულებმა პეტრემ და პავლემ.
თავთა მოციქულთა ღვაწლი უპირატესი მისაბაძი მაგალითია ყველა მორწმუნე ადამიანისთვის და არა მარტო სასულიერო პირებისათვის. ისინი ასკეზის, ქრისტიანული სათნოებისა და მორალის მაგალითს წარმოადგენენ. ამიტომ, ამ პიროვნებების მოხსენიება ყველა მოციქულის მადლის გახსენება და დაფასებაც არის.
ყველა ქრისტიანული დენომინაცია, მეტ-ნაკლებად ყველა ქრისტიანული მიმდინარეობა აღიარებს და პატივს სცემს პეტრე და პავლე მოციქულების ღვაწლს იმიტომ, რომ შეუძლებელია იყო ქრისტიანი და არ იცნობდე მოციქულებს, შუძლებელია ცნობდე მოძღვარს, ქრისტეს და არ ცნობდე მის მოწაფეებს. საერთოდ, თორმეტი მოციქულით, რომელთა შორისაც იყო პეტრე, პავლე არ იყო, მაგრამ თავთა მოციქულთა შორისაა, რადგან უდიდესი ღვაწლი აქვს ქროისტიანობის გავრცელებასა და მის, როგორც დოქტრინალურ ჩამოყალიბებაში, ქრისტიანობამ მთელი სოფლიო დაიპყრო.
თავთა თუ ყველა მოციქულთა ღვაწლის მოხსენიებით, ჩვენ შეგვიძლია მივხვდეთ, რომ ქრისტიანობა არის ღვთივგამოცხადებული რელიგია, ღმერთის მიერ მოტანილი ცოდნა, რომელმაც რამოდენიმე ადამიანით მთელი მსოფლიო, სამყარო მოაქცია. აი, კიდევ ერთი არგუმენტი, იმისა რომ „ჭეშმარიტად ქრისტე ძე ღვთისა არის“. სწორედ ამისთვის დადეს თავი პეტრე და პავლე მოციქულებმა, ამისთვის აღესრულენ მოწამეობრივად.
ღმერთმა დაგლოცოთ! პეტრე და პავლე მოციქულების უდიდესი ღვაწლი ყოფილიყოს გზის მანათობელნი, ორიენტირი, მასწავლებელი, მაგალითის მომცემი ამ მძიმე და რთულ დროში.
მივხედოთ მათ ცხოვრებას, შევისწავლოთ მათი ღვაწლი და უფრო ადვილი იქნება გადაწყვეტილების მიღება ჩვენი ცხვრების რთულ პერიოდებში. ამინ.“
ესაუბრა
სოფო ნინიკაშვილი