დაბა მანგლისის მოსახლეობა ჟურნალისტებისგან დახმარებას ითხოვს. Tbilisi Times მანგლისიდან დაუკავშირდნენ და გვთხოვეს, რომ ეს ინფორმაცია გაგვევრცელებინა. წყარომ გვთხოვა, რომ მისი ვინაობა არ დაგვესახელებინა და თავად ჩავსულიყავით მანგლისში და მოსახლეობას შევხვედროდით. როგორც Tbilisi Times გახდა ცნობილი, დაბა მანგლისს 3 დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება. მოსახლეობის ინფორმაციით, მათ გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მათივე ინფორმაციით, მიზეზი თუ რატომ არ აქვს მოსახლეობას სამი დღე წყალი არავის განუმარტავს. მოსახლეობა აცხადებს, რომ არიან გაურკვეველ სიტუაციაში და არ იციან კიდევ ვის მიმართონ დახმარებისთვის. Tbilisi Times დაუკავშირდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტის, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სიმონ გულედანი: „ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით შემცირებულია წყლის შემოდინება. მსგავსი სიტუაცია ყოველ ზაფხულს ხდება, რადგან დამსვენებელთა მატებასთან ერთად მანგლისში წყალი იკლებს. კონკრეტულად თუ, როდის აღდგება მოსახლეობისთვის წყლის მომარაგება ამაზე ინფორმაცია შეგიძლიათ წყალმომარაგების კომპანიიდან მიიღოთ.” წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი იოსებ პავლიაშვილი: „ჩემი ინფორმაციით, ამ წუთებში მანგლისს, როგორც ყოველთვის გრაფიკით (დღე გამოშვებით) მიეწოდება წყალი. ყოველ ზაფხულს დამსვენებელთა მატებასტან ერთად ხშირია წლის პრობლემები. ის ფაქტი, რომ სამი დღე მოსახლეობას წყალი არ აქვს, ჩვენთვის არ არის ცნობილი, რადგან არავინ დაგვკავშირებია. თუ რომელიმე ლოკალურ ადგილზე არ მიეწოდება წყალი მოსახლეობას ვუჩევ, რომ ჩვენს წარმომადგენლობას მანგლისში მიმართონ და დარეკონ ცხელ ხაზზე: 293 00 00, ზარის შემოსვლიდან რეაგირება მოხდება და 24 საათში არსებული პრობლემა აღმოიფხვრება,“ – განმარტავს წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი. The Tbilisi Times