სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია, შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში თავთავიანი კულტურების მოსავლის აღების სამუშაობის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
„მოსავლის აღება უკვე დაწყებულია. ამ მიმართულებით მოსახლეობას პრობლემები არ აქვს. ჩვენ ტექნიკის გარკვეული რაოდენობა დავამატეთ, რათა შეფერხების გარეშე ჩაიაროს მოსავლის აღების პროცესმა. პრობლემემბი არსებობს წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. რამდენიმე სათავე-ნაგებობა ადმინისტრაციულ ზოლს იქითა და, შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ ოპტიმალური გამოსავალი ვიპოვოთ“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
შიდა ქართლის გუბერნატორის, ზურაბ რუსიშვილის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსავლის აღებას შეუფერხებლად ახორციელებს.
სოფელ ხურვალეთის მკვიდრმა, ალექსი ხუროშვილმა მინისტრს მადლობა გადაუხადა და გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ წელს ტექნიკა ისეა მობილიზებული, რომ მოსავალს ყველა დროულად აიღებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორს“ მიერ სოფელ ხურვალეთსა და წითელუბანში, სადაც დაახლოებით 250-300 ჰა მიწის ფართობია დათესილი, თავთავიანი კულტურის აღების სამუშაობისთვის 3 ერთეული კომბაინია მობილიზებული. დღეისათვის უკვე აღებულია 50 ჰა.
წლის განმავლობაში შიდა ქართლში, კონფლიქტისპირა სოფლებში დაახლოებით 3000 ჰექტრამდე მიწის ფართობი მუშავდება, საიდანაც დაახლოებით 1000 ჰექტარ ფართობზე თავთავიანი კულტურაა დათესილი.