თბილისის მერიაში, არქეოლოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე, საბჭოს წევრებმა არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსის შედეგად მიღებული პროექტები განიხილეს და არქეოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.
არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსი, მიმდინარე წლის 1 ივლისს გამოცხადდა. დაინტერესებულ პირებს შესაბამისი პროექტების წარსადგენად 1 კვირა მიეცათ. კონკურსის შედეგად დედაქალაქის მერიაში 4 პროექტი შევიდა: „შახტახტის“, თბილისის წმ. ორმოც სებასტიანელთა ტაძრის, „საჯოგის ნასახლარისა“ და „თრელიგორების ნასახლარის“ ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევის პროექტები.
საბჭოს გადაწყვეტილებით, არქეოლოგიური კვლევა, უახლოეს პერიოდში თბილისის 40 სებასტიანელ მოწამეთა სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება. რაც შეეხება დარჩენილ 3 პროექტს, მათთან მიმართებაში საჭომ გასცა რეკომენდაციები და შენიშვნები. აღნიშნულის გათვალისწინებისა და პროექტების ჩასწორების შემდეგ კი მუნიციპალიტეტი დარჩენილ სამ პროექტსაც დააფინანსებს.
საბჭოს წევრებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არქეოლოგიურ სამუშაოებში ჩაერთვებიან სტუდენტებიც, რაც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.
თბილისის არქეოლოგიური საბჭო 9 ივნისს დაარსდა. საბჭო 14 წევრისგან შედგება, მისი თავმჯდომარე დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაა. არქეოლოგიური საბჭოს მიზანი თბილისის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა და ტურისტული მარშრუტების გამდიდრებაა.