საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, წალკაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია. მისი დასრულების შემდეგ წალკაში მცხოვრები 1200 ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. მიმდინარე სამუშაოებს დღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 5000-მდე ადამიანს გაუუმჯობესდება, როგორც წყლის ხარისხი, ასევე მისი მიწოდების გრაფიკი.
პროექტის ფარგლებში მოხდება: სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, სანიაღვრე კოლექტორისა და საქლორატოროს მოწყობა, 2 ახალი რეზერვუარისა და მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა, ასევე გამანაწილებელი ქსელის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. პროექტი, რომლის ფარგლებშიც 20 ადამიანი დასაქმდა, 2016 წელს დასრულდება.