სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ბელარუსის მრეწველობის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი საწარმოების წარმომადგენელთა დელეგაციისა და კონცერნ „ბელგოსპიშჩეპრომის“ დელეგაციის წევრებს შეხვდა.
ნოდარ კერესელიძემ დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქართული მხარე საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბელარუსის რესპუბლიკასთან აგრარული მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში კონკრეტული საკითხების განხილვის ეტაპია.
„საქართველოს აქვს პოტენციალი საკუთარი პროდუქციით საკუთარი ადგილი დაიკავოს ბელარუსის რესპუბლიკის ბაზარზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თანამშრომლობა როგორც ერთობლივი წარმოების შექმნის, ასევე ექსპორტის ზრდისა და ხელშეწყობის მიმართულებით“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
ბელარუსის მხარემ ორ ქვეყანას შორის ექსპორტ-იმპორტის ზრდის ტენდეციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეებთან და მსხვილი სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ბელარუსის წარმოების მარცვლეულის მოსავლის ამღები კომბაინის „КЗС-5“-ის გამოცდის ორგანიზების საკითხებიც განიხილება.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გოჩა ცოფურაშვილი და იური ნოზაძე ესწრებოდნენ.