საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ჯერი რაისმა განაცხადა, რომ საბერძნეთმა არსებული დავალიანება – 2 მილიარდი ევროს ოდენობა დაფარა.
ჯერი რაისის განცხადებით, საბერძნეთს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე, დავალიანება აღარ აქვს.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ 20 ივლისს, საბერძნეთმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე არსებული დავალიანება 2 მილიარდი ევრო გადაიხადა. დავალიანება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე მათ აღარ გააჩნიათ“, – განაცხადა რაისმა.
როგორც ფონდის წარმომადგენელმა აღნიშნა, სავალუტო ფონდი საბერძნეთის მხარდაჭერას განაგრძობს.
„როგორც ადრე ვაცხადებდით, ჩვენ მზად ვართ, საბერძნეთის დახმარება განვაგრძოთ, რათა ქვეყანა ფინანსურ სტაბილიზაციას და ეკონომიკურ ზრდას დაუბრუნდეს“, – აღნიშნა რაისმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის გარდა, საბერძნეთის ხელისუფლებამ ვალის გასტუმრების მიზნით, ევროპის ცენტრალურ ბანკს 4.2 მილიარდი ევრო გადაუხადა. დავალიანების დაფარვა ათენმა მას შემდეგ შეძლო, რაც ევროკავშირმა საბერძნეთს სასწრაფო კრედიტის სახით, 7 მილიარდი ევრო გამოუყო.