მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დაიწყო. ღონისძიებას ესწრებიან ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები , საქართველოს მთავრობის წევრები, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები, მონაწილე სპორტსმენები და რიგითი მაყურებლები. სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი და ღონისძიებას გახსნილად გამოაცხადებენ.
დღევანდელ საზეიმო ცერემონიაზე გაიმართება გრანდიოზული შოუ. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ექსპოზიციები, მათ შორის არგონავტები. ასევე ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ “სუხიშვილები”, ირმა ნიორაძე და სხვა ცნობილი ვარსკვლავები.
საქართველოს ჰიმნს შეასრულებს პაატა ბურჭულაძე. ოლიმპიურ ცეცხლს თავისუფლების მოედნიდან მიიტანენ მეჩირაღდნეები, რომელთა შორისაც არიან ცნობილი სპორტსმენები, მთავრობისა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, რის შემდეგაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აანთებენ უკვე მთავარ ოლიმპიურ ჩირაღდანს. ღონისძიება დაახლოებით 2 საათი გაგრძელდება.
ხვალიდან კი დაიწყება ოლიმპიური შეჯიბრებები. ოლიმპიურ ფესტივალში ევროპის 50 ქვეყანა მონაწილეობს. მათ დღევანდელ ღონისძიებაზე მედროშეები ოფიციალურად წარმოადგენენ. ოლიმპიური ფესტივალი “თბილის 2015” 1-ელ აგვისტომდე გაგრძელდება.