შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეს და სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ევროპისა და აზიის ოფისის საგარეო ურთიერთობათა ოფიცერ ჯანელ კუროდას შორის შეხვედრა გაიმართა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და INL–ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრაზე მხარებმა მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, მიღწეული პროგრესი, სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები განიხილეს, თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს. მინისტრის მოადგილემ INL-ის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროსთან უკვე მრავალი წელია ნაყოფიერად თანამშრომლობს, რის ფარგლებშიც განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ოჯახში ძალადობა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, კინოლოგიური დანაყოფის განვითარება და სხვა.