საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ფოთში მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიამ, ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ და ნაბადის უბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა სამსონ კუტალიამ “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ფოთის ფილიალის მენეჯერთან ნუგზარ ფაცაციასთან ერთად დაათვალიერეს.
ამჟამად 4 ახალი რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა დასრულების სტადიაშია. მალე მოსახლეობა მაღალი ხარისხის სასმელ წყალს უკვე 24 საათიან რეჟიმში მიიღებს. პროექტის ფარგლებში 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
აღნიშნული პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 21 მლ. ლარზე მეტს შეადგენს.