საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი UEFA-ს პრეზიდენტს მიშელ პლატინის შეხვდა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
როგორც “თბილისი თაიმსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა UEFA-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს და მასშტაბური სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის გაწეული სამუშაოები შეაფასეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თბილისში UEFA-ს სუპერთასის მატჩის გამართვის მნიშვნელობას.
ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და UEFA-ს შორის მომავალი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა დაესწრნენ.