თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ბაზა კალათბურთის აკადემიისთვის, – თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს 50 წლით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა.
ბაზაზე, რომელიც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში გარემონტდა, განთავსებულია კალათბურთის 4 დარბაზი, სასტუმროს ტიპის ნომრები სპორტსმენებისთვის, მანეჟი სარბენი ბილიკით, სადაც ტრეჟანორები და სხვა დანადგარები განთავსდება.
სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კალათბურთის აკადემიისთვის თანამედროვე სპორტული ბაზის გადაცემა.
„ჩვენი სურვილია, აქ მოეწყოს NBA-ს სტანდარტების კალათბურთის აკადემია. ჩვენს სახელოვან კალათბურთელს, ჩვენთვის საამაყო ზაზა ფაჩულიას წლების განმავლობაში ჰქონდა სურვილი, გაეკეთებინა კალათბურთის აკადემია, რაც აქამდე ვერ მოხერხდა. მიხარია, რომ ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით ეს შევძელით. ეს სიმბოლური გადაწყვეტილებაა, რადგან ჩვენი ნაკრების სახელოვანი კალათბურთელების უმეტესობა და პირადად ზაზა ფაჩულია წლების განმავლობაში აქ თამაშობდნენ. ამ დარბაზს ჩვენს კალათბურთელებს სრულიად უსასყიდლოდ გადავცემთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზაზა ფაჩულიას შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ცოდნით, უნარით, გამოცდილებით, გაზარდოს არაერთი სახელოვანი კალათბურთელი, რომლებითაც ვიამაყებთ“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელებთან ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღო. ზაზა ფაჩულიამ პრემიერს, ნაკრების სახელით, საჩუქრად კალათბურთის ბურთი გადასცა.