ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსა და ჩინეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ში იაობინს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩინეთის მთავრობა უწევს საქართველოს, როგორც ტექნიკური დახმარების, ისე გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
მხარეებმა, ასევე, იმედი გამოთქვეს, რომ აქტიური კომუნიკაცია გაგრძელდება ქართველ და ჩინურ კომპანიებს შორის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა.
საუბარი ასევე შეეხო ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარებას და ამ კუთხით, საქართველოს პოტენციალის გამოყენებას. როგორც აღინიშნა, საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, „აბრეშუმის გზის“ ერთ-ერთ საკვანძო ქვეყნად გადაიქცეს.