გაეროს დაარსების 70-ე წლისთავისა და ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული ქართული მეთოდის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანის აღსანიშნავად, გაეროს ჟენევის ოფისს საქართველოსგან ოფიციალურ საჩუქრად ქვევრი გადაეცემა.
როგორც “თბილისი თაიმსს” საგარეო უწყებიდან აცნობეს, აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჟენევაში გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. ქვევრი და შესაბამისი საინფორმაციო აბრა მიმდინარე წლის სექტემბერში განთავსდება ჟენევის გაეროს ოფისის შიდა ეზოში, რის შემდეგაც მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება ამ მოვლენისადმი მიძღვნილი სპეციალური ცერემონიალის კონკრეტული თარიღი.
აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, ა.წ. 3 მარტს გაერო-ს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორთან, მიხაელ მიოლერთან გამართული შეხვედრის დროს.