ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი არის მართლაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისკენ, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ, პროფესიული არმიის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ყველაზე ეტაპობრივი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა.
ირაკლი ალასანიამ ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი შეიარაღებულ ძალებს ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის დაფუძნება მიულოცა.
“მინდა მთელ ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ჩვენს საამაყო შეიარაღებულ ძალებს მივულოცო ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის დაარსება. ეს წარმატება გახსოვთ, მიღწეულ იქნა უელსის სამიტზე. იქ იმყოფებოდა საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ მარგველაშვილის თაოსნობით და გაფორმდა ის არსებითი პაკეტი, რომელმაც შესაძლებელი გახადა დღეს ამ ცენტრის დაარსება. ეს არის მართლაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისკენ, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ, პროფესიული არმიის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ყველაზე ეტაპობრივი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი”, – განაცხადა ალასანიამ.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ გაგრძელდება არსებითი პაკეტის სხვა ელემენტების შესრულება და საქართველო იქნება უფრო დაცული და უფრო მზად ყველა გამოწვევისთვის.
კითხვაზე, მოქმედი თავდაცვის მინისტრი MAP-ის მიღების თემით აპელირებს და რამდენად მართებულია ეს, ალასანიამ აღნიშნა, რომ უნდა გავიაზროთ ის, რომ ინტეგრაციის მხოლოდ ერთ მექანიზმზე არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული.
“რაც შეეხება MAP-ს, მე მგონი , ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ინტეგრაციის მხოლოდ ერთ მექანიზმზე არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ამ არსებითი პაკეტის შესრულებით და სხვა ელემენტების დივერსიფიკაციით მოვახდინოთ ჩვენი ინტეგრაცია ნატოში , ამიტომაც მე არ მიმაჩნია სწორად მხოლოდ ერთ მექანიზმზე აპელირება და საქართველო-ნატოს მომავლის ჩამოკიდება. აქედან გამომდინარე, მე ვურჩევ საქართველოს მთავრობას, რომ ეს რჩევა გაითვალისწინოს და ზოგადად უფრო მჭიდრო კონსულტაციაში იყოს როგორც გენერალურ მდივანთან, ასევე სამდივნოსთან და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი დღეს გაიხსნება.