დღეს, სასტუმროში „Radisson Blue Iveria” ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას ცნობილი პიანისტი, იუნესკოს მშვიდობის არტისტი ელისო ბოლქვაძე გაუძღვება, რომელიც სტუმრებს ფესტივალის პროგრამასა და მონაწილეებს გააცნობს. ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 10-15 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება. BATUMI MUSIC FEST მსოფლიოში ცნობილი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით, უკვე მესამე წელია ტარდება.
წელს ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან.
ფესტივალში მონაწილეობას ასევე იღებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი, შესრულდება კლასიკური მუსიკის შედევრები. დასკვნითი საღამო 15 სექტემბერს ბათუმის პიაცაზე გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას თავად ელისო ბოლქვაძე მიიღებს.
სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში ჩამოდის ცნობილი ტენორი ზურაბ სოტკილავა. ფესტივალის ფარგლებში, ქარტული ფოლკლორული მუსიკაც გაიჟღერებს – ანსამბლი „ქართული ხმები“ ქართულ ხალხურ სიმღერებს შეასრულებს. ფესტივალის დასკვნითი საღამო იუნესკოს 70 წლის იუბილეს მიეძღვნება.
ფესტივალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მასტერ-კლასების ჩატარება ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის.
2015 წლის მაისში BATUMI MUSIC FEST ევროპის ფესტივალების ასოციაციაში (EFA) მიიღეს. ელისო ბოლქვაძის ბათუმის მუსიკალური ფესტივალი BATUMI MUSIC FEST არის პირველი მუსიკალური ფესტივალი საქართველოდან, რომელიც ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა.
ბათუმის მუსიკალური ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში და საფრანგეთის საელჩო. 2015 წელს ბათუმის მუსიკალური ფესტივალი თანამშრომლობს აზერბაიჯანისა და თურქეთის საელჩოებთანაც.