როგორც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ყოფილი ვიცემერი დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებს. დღეს მთავრობის ადმინისტრაცია ირაკლი ღარიბაშვილმა ქუმსიშვილი ოფიციალურად წარადგინა.
ყოფილმა ვიცემერმა მადლობა გადაუხადა პრემიერს და ვიცეპრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის.
მისი განცხადებით, ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია აღებული ეკონომიკური კურსის უწყვეტობა. ეკონომიკის მომავალი მინისტრის განმარტებით, ის კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს, რათა ირაკლი ღარიბაშვილის და გიორგი კვირიკაშვილის მიერ წამოწყებული ყველა პროექტი და რეფორმა, გაგრძელდეს და წარმატებით დასრულდეს.
დღესვე მან სამინისტროს პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.
“კერძო სექტორის წახალისება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის სფეროს განვითარება, ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის და მომსახურების წარმოებაში საქართველოს პოტენციალის ამაღლება, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმების გატარება, საპენსიო რეფორმა, ქვეყნის ინტერნეტიზაცია, სახელმწიფო ქონების ეფექტური მართვა. ეს ის პრიორიტეტებია, რომელთა განხორციელებაზე მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო,” – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.