ძალიან საინტერესო მოვლენები განვითარდა ჩემს საზოგადოებაში „იმედზე“ წამოწყებულ რეორგანიზაციულ ძვრებს ვგულისხმობ. ვფიქრობდი ამ საკითხს გამოვხმაურებოდი თუ არა, ან როგორ შეიძლებოდა გამოვხმაურებოდი. უბრალოდ, ადამიანს რომელსაც ჩემი საზოგადოების აქტიურ მოქალაქედ მიმაჩნია თავი, ვგრძნობ ვალდებულებას უნდა გამოვთქვა ჩემი პოზიცია. ფაქტია, რომ ხმაურიანი წყარო, სადაც ავად თუ კარგად, ობიექტურად თუ სუბიექტურად, ისე თუ ასე, ისმოდა საზოგადოების ხმა, – დაიხურა.
თავს ვიკავებდი, ვინაიდან არ ვიცოდი კულისებს მიღმა რა ხდებოდა. თუმცა, რასაც ახლა ვიტყვი ამაში დარწმუნებული ვარ და არც გადამოწმებასა და გარკვევას საჭიროებს, ეს ჩემი ცხადი და ჩამოყალიბებული პოზიციაა.
ეს ქალბატონი თავის საქმის პროფესიონალია და დასაფასებელია თავისი შეძენილი უნარ-ჩვევებითა და შესაძლებლობებით. საუბარი ინგა გრიგოლიაზე მაქვს. მე პირადად კარგად არ ვიცნობ ინგას, რამოდენჯერმე სტუმრად ვყოფილვარ მის სტუდიაში და ჩვენი ნაცნობობა ამით შემოიფარგლება. ძრითადად გადაცემის პროდუსერებთან მქონდა კონტაქტი.
სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი არაფერი კონკრეტული მის პირად ცხოვრებაზე და არც არის ჩემთვის საინტერესო. მე სრულებით მყოფნის მასზე ვისაუბრო იმ არგუმენტებით, რაც საზოგადოების სააშკარაოზეა გამოტანილი და არ არის ჭორი. მართალია ბევრი ვაკრიტიკებდით „არ აცდის რესპოდენტებს საუბარს!“, „ვინ შეარჩია ეს სტუმრები!“, „რა აყვირებს?“, „სკადალებს დგამს!“, „შეკრულია მთავრობასთან!“, „ნაცების რუპორია!“, „ქოცების ჩანერგილია!“, „ეს როგორ მოიწვია, ამას რატო უნდა კითხო აზრი!?“, „რამხელაზე აქვს პომადა წასმული“ და ა.შ. თუმცა, ყველამ ჩავიხედოთ ჩვენს თავში, დავფიქრდეთ და ვაღიაროთ, ამ გოგომ პოსტკომუნისტური საქართველოს არსებობის ისტორიაში სამივე მთავრობის პირობებში გადამწყვეტი სიტყვის თქმა შეძლო, თავისი პროფესიით, გამოცდილებით და ეს სიტყვა ასე თუ ისე, ამასაც მოეძებნებიან კრიტიკოსები, მაგრამ მაინც, – იყო საზოგადოების ადვოკატირებით თქმული. პირდაპირ ეთერში ვუყურებდი შევარდნაძესთან მომხდარ ინციდენტს, სატელეფონო ჩართვისას თუ არ ვცდები, და აქ მისი წრფელი საზოგადოებრივი პოზიცია დავინახე, სამაგალითო იყო ჩემთვის. მახსოვს ოქრუაშვილთან ინტერვიუ, მახსოვს ბენდუქიძესთან ინტერვიუ, მახსოვს, რომ ყოველთვის ახერხებდა თითქოს საკმაოდ რადიკალური, თუმცა კომპრომისული შუალედის დაჭერას და ყოველთვის იყო რეიტინგის სათავეებში. რიგი მოქალაქეებისა აკრიტიკებს და შეცდომად უთვლის პოლიტიკაში წასვლას. მოდით ერთ რამეზე დავფიქრდეთ, ჩვენს ცხოვრებას, პროფესიულ კარიერას გადავავლოთ თვალი და რამდენი შეგვშლია ის დავითვალოთ. თუ ასე მივუდგებით მოვლენებს გაცილებით გამოვჯანსაღდებით. მე არ მაქვს პოზიცია იყო შეცდომა მისი პოლიტიკაში წასვლა თუ არ იყო. მე ახლა მაქვს სურვილი რასაც ვხედავ დასაფასებელს ის დავუფასო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის გაცილებით ღირსეული მოქალაქეა, ვიდრე ბევრი უბრალოდ სახელმწიფო მოხელე, ან თუნდაც მაღალი თანამდებობის პირი, ბოლო პერიოდების საქართველოს მთავრობების.
მან სხვადასხვა პერიოდში არაერთი დღესაც წარმატებული ჟურნალისტი, პროდუსერი და მისი სფეროს სხვადასხვა პროფესიონალი გამოზარდა. დიახ, მეგობრებო, შეიძლება ამ საკითხებზე არ დავფიქრებულვართ. თუმცა, ამ ერთმა ადამიანმა საკმაოდ ბევრი შეძლო. ვინც მე კარგად მიცნობს, მიხდვება, რომ მე არ მალაპარაკებს არაფერი სხვა ინტერესი, გარდა იმისა, რომ ვგრძნობ ჩემს მოქალაქეობრივ ვალდებულებას ხმამაღლა გამოვთქვა ჩემი ეს პოზიცია. დღეს ინგა გრიგოლია შეიძლება თითქოს წაგებული, დათრგუნული გვეჩვენებოდეს, თუმცა ის შესაძლებლობები, რაც მას გააჩნია, დააგროვა არ იკარგება და დარწმუნებული ვარ შეძლებს მოიწყოს ცხოვრება ისეთი, როგორიც მისთვის იქნება მისაღები, საინტერესო და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ გააგრძელებს საზოგადოების სამსახურში ყოფნას.
ზოგადად, თუ მენეჯმენტზე გვაქვს საუბარი და XXI საუკუნის მმართველობის სტილზე, სექტემბრის დახურვაზე თადარიგი წლის დასაწყისში უნდა დაეჭირათ, ან რამოდენიმე თვით ადრე. იციან, რომ საკითხი ასეთი სენსიტიურია და გამოიწვევს ვნებათა ღელვას. როდის გადაწყვიტა მენეჯმენტმა, რომ აღარ მოსწონდათ აგვისტოში, როცა არ იყო ეთერი? ღირსეული, კვალიფიციური თანამშრომლები დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დროულად უნდა ჩაეყენებინათ საქმის კურსში. ეს ადრევე გაცხადდებოდა და შესაბამისად, არც ისე მტკივნეული და ბურუსით მოცული საქმე იქნებოდა საზოგადოებისათვის და თანამშრომლებიც შეძლებდნენ ადაპტირებას. ასეთი ფაქტებით ითრგუნება მხოლოდ საზოგადოება. ნუ ბედავთ და ნუ ტოვებთ კითხვის ნიშნებს საზოგადოების თვალში. აკეთეთ საქმე სუფთად და თანამედროვე სტანდარტების დაცვით. ისე, როგორც ნამდვილ დემოკრატიულ საზოგადოებაში იქცევიან მოქალაქეები. დასაფასებელია გუნდი, რომელიც იქ მუშაობდა და არავის შეეშალოს და ეს ადამიანები ქუჩაში არ დარჩნენ!
წარმატებას და გამძლეობას ვუსურვებ იმ გუნდს, რომელი გუნდიც იმედზე ახლად დახურულ გადაცემებს საზოგადოებისთვის ქმნიდა.
გიორგი მქანაძე
საქართველოს მოქალაქე
.