დღესდღეობით, ევროპის ერთ-ერთ პრიორიტეტულ პრობლემას კონტინენტზე სხვადასხვა ქვეყანაში მიგრანტების განაწილების საკითხი წარმოადგენს. ცნობილი საინფორმაციო სააგენტოები ვრცელი სტატიებითა და ინტერვიუებით ეხმიანებიან აღნიშნულ პრობლემას. ბრიტანული სააგენტო BBC-ი გასულ კვირას გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ერთ-ერთ განცხადებას ეხმიანება.
კანცლერის თქმით, ევროპაში მიგრანტების განაწილების მოუგვარებლობა შენგენის შეთანხმების მიზანშეწონილობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მერკელის აპარატის წევრებისა და გერმანელი პოლიტიკოსების თქმით, თუ შენგენის შეთანხმება არ გახდება აქტუალური და გადახედილი, გერმანია მის გარეთ აღმოჩნდება.
„თუკი ვერ შევთანხმდებით მიგრანტთა თანაბარ განაწილებაზე, მაშინ, რა თქმა უნდა, შენგენის შეთანხმება კიდევ ერთხელ გახდება აქტუალური“ – განაცხადა მერკელმა.
სექტემბრის თვის დასაწყისში გაერომ ევროკავშირის ქვეყნებს მიმართა თხოვნით, რომ თითოეულ ქვეყანას 200 ათასი ლტოლვილი მიეღო. ევროპული საბჭოს თავმჯდომარის დონალდ ტუსკის განცხადებით, კვოტა თითოეულ ქვეყანაში 100 ათასით უნდა განისაზღვრებოდეს, ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა გერმანიის კანცლერმაც.
თუმცა, ფიქრობენ, რომ სხვა ქვეყნების წარმოამდგენლების მხრიდან, წამოსულმა უარყოფითმა შეფასებებმა განაპირობა გერმანიის აღნიშნული პოზიცია.
ტუსკის ინიციატივაზე სხვადასხვა ქვეყნის უარყოფითი შეფასებების მიზეზი მათში არსებული ეკონომიკური პრობლემებით იყო გამოწვეული.
გერმანელი ექსპერტები წერენ, რომ მსგავს კრიზისულ სიტუაციაში ყოველთვის მეტ რესურსს ხარჯავენ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, სწორედ ამიტომ, მათივე აზრით, არაა გასაკვირი ამ უკანასკნელის სურვილი ევროკავშირის ზონიდან გასვლასთან დაკავშირებით.
შენგენის ხელშეკრულება, რომელიც საპასპორტო საბაჟო კონტროლის გაუქმებას ეხება ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის 1985 წლის 14 ივნისს დაიდო და ძალაში 1995 წლის 26 მარტს შევიდა. შეთანხმებას სიმბოლურად ლუქსემბურგის, საფრანგეთისა და გერმანიის საზღვრების კვეთაზე, სოფელ შენგენში მოეწერა. დღესდღეობით, მასში 30 ქვეყანა არის შესული და ყველა მათგანი შენგენის ზონას ქმნის.
დასავლელი ანალიტიკოსები წერენ, რომ გერმანია ამ ხელშეკრულების გულია და მისი ზონიდან გასვლა, როგორც ეკონომიკურ ისე, საგარეო-პოლიტიკურ პრობლემებს გამოიწვევს.
გერმანიაში კი ფიქრობენ, რომ წელს ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა რეკორდულად გაიზრდება და რვასი ათასს მიაღწევს.
საფრანგეთი გერმანიის „კოალიციაში“ ერთიანდება და ფრანსუა ოლანდი ეთანხმება ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას. იგი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა თავის მორალურ ვალდებულებებს არ ასრულებს. ის ამბობს, რომ:
„ევროპა პრინციპების ერთობლიობას ნიშნავს, ასევე ვალდებულებას, რათა მივიღოთ ადამიანები, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში დევნიან. რაც აქამდე გაკეთდა არასაკმარისია, უნდა დაგვეხმარონ სხვა ქვეყნები, ისინი საკუთარ მორალურ ვალდებულაბს არ ასრულებენ.“
პრეზიდენტი თურქეთის სანაპიროსთან მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და გამოთქვამს სურვილს, რომ ქვეყნები არ შემოიფარგლონ მხოლოდ ემოციებით –
„სამწუხაროა რომ იღუპება სამი წლის ბავში, მისი ასევე მცირეწლოვანი ძმა და უამრავი ოჯახი, რომლებსაც ვერ ვხედავთ და რომლებისთვისაც ფოტოები არ გადაუღიათ“, – განაცხადა ოლანდმა.
ბრიტანული სააგენტო ციტირებს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ტომას დე მეზერის განცხადებასაც, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში ისაუბრა და ივარაუდა, რომ თუ ევროკავშირის სხცა ქვეყნები დევნილებს თავისთან არ მიიღებენ შენგენი აღარ იარსებებს.
”მე თავისუფალი გადაადგილების მომხრე ვარ, მაგრამ თუ სხვა ევროპული სახელმწიფოები კანონს არ ითვალისწინებენ, ხოლო დუბლინის სისტემა აღარ მუშაობს, მაშინ ჩვენ სხვა სისტემა გვჭირდება, რომელიც იმუშავებს. შეუზღუდავი გადაადგილება ვერ იარსებებს ხანგრძლივ პერსპექტივაში ევროპის ქვეყნების
მხრიდან დევნილებისთვის თავშესაფრის შეთავაზების რეალური პოლიტიკის გარეშე”, – განაცხადა ტომას დე მეზერმა.
მიგრანტებთან დაკავშირებით პრობლემები, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში გადაწყდება და გვეცოდინება, როგორც გერმანიის, ისე სხვა სახელმწიფოების საბოლოო შეფასებები. დასავლური გამოცემები წერენ, რომ ევროპა ერთიანი უკვე დიდი ხანია აღარ არის. შენგენის ზონიდან გამოსვლის პროცესი ბევრ სირთულეებთან არის დაკავშირებული, გამოსვლის პროცესზე რთული კი ოფიციალური გადაწყვეტილების მიღებაა.
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე