დღეს, წეროვანში საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია სოციალურად დაუცველი და წეროვანში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირის, ხის ოსტატის ზაზა გათენაშვილის სახელოსნოს გახსნის. პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ტრადიციული ხეზე კვეთის ოსტატს ზაზა გათენაშვილს საშუალება მიეცა აეშენებინა სახელოსნო და შეეძინა მუშაობისთვის საჭირო დანადგარები. ხის მხატვრული დამუშავების ოსტატი წეროვანში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირია, რომელიც წლებია ტრადიციულ ხელნაკეთ ავეჯს, ხის ყუთებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და სხვა სახის ხის ნამუშევრებს აკეთებს. პროექტის ფარგლებში მან მოწაფეებთან და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან თანამშრომლობით უნდა შექმნას პროდუქციის ახალი ხაზი. ზაზა გათენაშვილი 40 –მდე ადგილობრივ და წეროვანის დასახლებაში მცხოვრებ ახალგაზრდას ტრადიციულ ხელობას შეასწავლის. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „საქართველოს ტრადიციული რეწვის განვითარება და სექტორის ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა“ ნაწილს, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა, ევროკავშირის პროექტის Investing in People-ის ფარგლებში, 2 დღის წინ, 14 სექტემბერს, დუშეთის რაიონში, თინა დათაშვილის ტექსტილის და „არაბული ArtHouse” – ორი სახელოსნო გახსნა, ხოლო 2014 წელს ტრადიციული რეწვის 11 სახელოსნო დააფინანსა. სახელოსნოს პრეზენტაციას წეროვანში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი მაკა დვალიშვილი, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის დირექტორი ირინა მანია, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წარმომადგენლები, ასევე, ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი, წეროვანის მოსახლეობა და ზაზა გათენაშვილის მოწაფეები დაესწრებიან.