პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა თბილისში რეგიონული სემინარი გახსნა. ღონისძიების მთავარი თემაა “პარლამენტარების როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების დანერგვის პროცესში”. ფორუმის ერთ-ერთი მთავარი საკითხია ის, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციებს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სტანდარტებს. სწორედ ამ საკითხებზე საუბრობს ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც ის აცხადებს, საქართველო საერთაშორისო სტანდარტების შესრულების ერთ-ერთი სანიმუშო მაგალითია. თუმცა, მისივე თქმით, კვლავ გრძელი გზაა გასავლელი. „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ჭეშმარიტად იქცა დოკუმენტად, რომელმაც მე-20 საუკუნეში შეაჯამა ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაციური გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს მიერ, რათა დაცული იყოს ადამიანი და მისი უფლებები,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ფორუმი დაეხმარება პარლამენტის როლის გაძლიერებას ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში. სემინარს ესწრებიან როგორც საერთაშორისო ექსპერტები, ასევე ქართული მხრიდან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. ადგილზე იმყოფება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სიტყვით გამოვა იუსტიციის მინისტრიც. როგორია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ვითარება – დისკუსია ამ საკითხზე დღეს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.