ყურბან ბაირამი მუსლიმური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დღესასწაულია. როდესაც მორწმუნეები ალლაჰის კმაყოფილების მოპოვების მიზნით წირავენ-ცხვრებს, ძროხებს და აქლემებს. მსხვერპლშეწირვის რიტუალი ტარდება მთვარის კალენდრით “ზილჰიჯჯას” თვის მეათე დღეს. ამავე დღეს ტარდება “ჰაჯობის რიტუალი”, ანუ მოლოცვა მექაში, სადაც უამრავი მუსლიმი იკრიბება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. წელს მუსლიმი საზოგადოება ყურბან-ბაირამს 24 სექტემბერს აღნიშნავს.
„თბილისი თაიმსს“ დღესასწაულის არსზე და დანიშნულებაზე სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე ესაუბრა:
ბატონო ადამ, რა დატვირთვა აქვს, ყურბან ბაირამს ისლამში? მოკლედ მოგვიყევით ამ დღესასწაულის არსზე და დანიშნულებაზე?
– სიტყვა “ყურბანი” დაახლოებას ნიშნავს. მისი, როგორც რელიგიური ტერმინის მნიშვნელობა ასეთია: უზენაესი ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებისა და ღვთისმსახურების მიზნით, კონკრეტული პირობების მატარებელი ცხოველის, ყურბან ბაირამის დღეებში, წესების დაცვით დაკვლა. თუ წმინდა ყურანში მოთხრობილ შუამავალ იბრაჰიმისა და მისი ვაჟიშვილის ისტორიას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ყურბანს უფრო ვრცელი მნიშვნელობა აქვს. ყოველივე ეს ნათელს ხდის, რომ ადამიანი თავისი მორჩილებითა და მადლიერებით ღვთის კმაყოფილების მოსაპოვებლად ხელთარსებულ ყველაფერს უყოყმანოდ გაიღებს.
საიდან მომდინარეობს დღესასწაულის სახელი და რას ნიშნავს ის?
– ყურბნის შეწირვის ღვთისმსახურება თითქმის ყველა ზეციურ რელიგიებში არსებობს, რასაც წმინდა ყურანი ადასტურებს. “ყოველი თემისთვის ჩვენ დავადგინეთ მსხვერპლშეწირვის ადგილი, რათა მათ ახსენონ ალლაჰის სახელი საქონელზე, რომელიც მან უბოძა”. (სურა ჰაჯი, აიათი 34) ასევე პირველი ყურბნის ისტორიაც ყურანშია გაცხადებული. როგორც ვიცით, წმინდა ადამის ვაჟიშვილებმა უზენაეს ალლაჰს მსხვერპლი შესწირეს, თუმცა აბელის ყურბანი – მსხვერპლი მიღებული იქნა, ხოლო ყაენის -არა. ყურანში ვკითხულობთ: “…ოდესღაც, მსხვერპლი შეწირეს ორივემ და შეწყნარებულ იქმნა ერთისაგან და არ იქნა შეწყნარებული მეორისაგან…” (სურა მაიდე, აიათი 27) პირველი შუამავლის – წმინდა ადამის დროს დაწყებული ყურბნის ღვთისმსახურებამ საუკუნეების განმავლობაში იბრაჰიმ შუამავლამდე მოაღწია, ხოლო იბრაჰიმ და ისმაილ შუამავლის დროს იგი ჰაჯობის რიტუალის სუნნეთად დაწესდა. ამის შემდეისევ, გამოიარა საუკუნეებმა და წმინდა მუჰამმედ შუამავლამდე მოაღწია, როგორც ჰაჯობის დროს შესასრულებელი სუნნეთი. მას შემდეგ კი ყურბნის ღვთისმსახურება არა მარტო ჰაჯობის რიტუალის, არამედ სრულიად ისლამური სამყაროსთვის ვალდებულებად დადგინდა. ყურბნის ღვთისმსახურების ისტორია ქვევიდან ზევით მიიწევს და მისი მნიშვნელობა უფრო ფართოვდება. ასე, რომ ყურბნის ღვთისმსახურება თავდაპირველად მხოლოდ შეპირებით ხასიათს ატარებდა, შემდეგ სავალდებულო სახე მიიღო, ხოლო ბოლოს მან შეძლებული მორწმუნისთვის აუცილებლობის ფორმა შეიძინა. აბელისა და ყაენის მიერ ყურბნის შეწირვის ისტორია გვახსენებს, რომ თავდაპირველად ყურბანი შეპირებითი ხასიათის იყო. როდესაც ალლაჰის შუამავალმა მექადან მედინაში გადავიდა, მეორე წელს ყურბან ბაირამის ლოცვასთან ერთად ყურბნის დაკვლა სავალდებულოდ დადგინდა. იმ პერიოდში მედინელებს ორი ბაირამი ჰქონდათ, რომელსაც ზარ-ზეიმითა და ცეკვა-თამაშით აღნიშავდნენ. მან იკითხა, ამ დღეების მნიშვნელობა რას უკავშირდებოდა. უპასუხეს: ჩვენ უმეცრების ხანიდან მოყოლებული ამ დღეებს გართობაში ვატარებდით. მაშინ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: ამ ორი დღის სანაცვლოდ დიადმა გამჩენმა უფრო სიკეთის მომცემი ორი დღე გიწყალობათ. ესენია: იევმილ ედჰა ანუ ყურბან ბაირამი და იევმულ ფითრი ანუ რამაზან ბაირამი. (ებუ დავუდი, სალათ 239,245).
როგორ ზეიმობთ ამ დღესასწაულს?
– სადღესასწაულო დღე ტრადიცულად იწყება სადღესასწაულო ლოცვის აღვლენით. ლოცვის დასრულების შემდეგ მორწმუნეები ერთმანეთს ამ დღეს ულოცავენ, შემდეგ ყველა ბრუნდება თავიანთ ოჯახებში და ემზადება სავალდებულო ღვთისმსახურების – ყურბნის შესაწირად, რომელიც თითოეულ ზრდასრულ, გონეირ, მოგზაურობაში არმყოფ და მატერიალურად შეძლებულ მორწმუნეს ევალება. შესაწირს სამ ნაწილად ყოფენ, რომლის ერთ ნაწლს ღარიბებს, მეორეს ნათესავებსა და მეზობლებს, ხოლო მესამეს საკუთარი ოჯახისთვის გაიღებენ. სადღესასწაულო დღეებში მუსლიმები ტრადიციულად მიდიან ნათესავ-ახლობლების, ავადმყოფების სანახავად და ასევე უახლოესი გარდაცლილების საფლავების მოსანახულებლად.
და, ბოლოს რას უსურვებდით მუსლიმ მორწმუნეებს?
– ყველა მორწმუნეს ვულოცავთ ყურბან ბაირამის ღირსშესანიშნავ დღეს. დიადმა ღმერთმა მისცეთ სიკეთე, ჯანმრთელობა, ურყევი რწმენა და მშვიდობა. ვუსურვებთ ყველა მორწმუნეს განსაკუთრებით ამ დღეებში შესრულებული ღვთისმსახურება უზენაესი ალლაჰის წინაშე მიღებული ყოფილიყოს. დაე, წუთისოფელსა და საიქიოში ბედნიერების ღირსებით დაჯილდოებულთა რიგებში აღმოვჩნდეთ. მშვიდობას ეზეიმოს მთელს მსოფლიოში და ჩვენს სამშობლოში. ერთმანეთის სიყვარული, თანადგომა, პატვისცემა, დაფასება ყველა მორწმუნის უპირველესი ვალია და ეს წმინდა მისია ღვთის წინაშე გულწრფელად მოგვეხადოს.
ესაუბრა
სოფიკო ნინიკაშვილი