ევროკავშირმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 4 მილიონი ევროს გადარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ მიმართული 40 მილიონი ევროს ოდენობის სამწლიანი პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტისთვის განკუთვნილი დახმარების პირველი ტრანშია.
2013 წელს ევროკავშირმა საქართველოსთან დაიწყო „ევროკავშირის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ (ENPARD), რაც მიზნად ისახავს სურსათის წარმოების გაზრდას და სოფლად სიღარიბის შემცირებას. საქართველოში სოფლის მოსახლეობა 46.8%–ს შეადგენს, ხოლო სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მშპ–ში 10%–ზე ნაკლებია.
„სიტუაციის შეფასების შემდეგ, ევროკავშირი მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველო დამაკმაყოფილებლად პროგრესირებს სოფლის მეურნეობის სფეროში შემუშავებული პოლიტიკის განხორციელების კუთხით და რომ ამ პირველი ტრანშის გადახდისთვის დაწესებული პირობები სრულდება“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში 24 ივნისს.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა განაცხადა, რომ „ამის დასტურია რაიონებში შექმნილი აგროსერვის ცენტრები, რომელიც ფერმერთა კონსულტირებასა და ინფორმირებას უზრუნველყოფს და ახალი კანონმდებლობა, რომელიც ფერმერული კოოპერატივების შექმნის მიზნითაა ინიცირებული“.
„ყველა ეს ღონისძიება ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის პროგრამა ENPARD–ით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და მიმართულებების შესაბამისად ხორციელდება“, – განაცხადა მან.
„ევროკავშირის მიერ სასოფლო–სამეურნეო სექტორში არსებული სტრატეგიის განხორციელების დადებითი შეფასება გვარწმუნებს, რომ სექტორის მოდერნიზებისა და მცირე ფერმერთა პირობების გაუმჯობესების საქმეში სწორ გზას ვადგავართ“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ.
ევროკავშირის დაფინანსებით ცოტა ხნის წინ წარდგენილ ანგარიშში, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს აფასებს, ნათქვამია, რომ ქვეყნის სასოფლო–სამეურნეო შესაძლებლობები სუსტია, ხოლო წარმოება „უკიდურესად დაბალი“.
„ქვეყანაში სიღარიბის ხანგრძლივი მაღალი დონის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია საქართველოს სოფლის მეურნეობის მოდერნიზების კრახი. სავარგულების საერთო რაოდენობა 43%-ით შემცირდა. ასევე შემცირდა ერთ ჰექტარ სავარგულზე საშუალო პროდუქტის რაოდენობაც. სოფლის მეურნეობას კვლავ განსაკუთრებული როლი ეკისრება, მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა სექტორის წილი მშპ-ში… ამ სექტორში დასაქმებულად კვალიფიცირებულთა შორის 95% ‘წვრილი ფერმერია’, რომლებსაც, ჩვეულებრივ, 1.2 ჰა მიწის ნაკვეთი და 2 ძროხა ჰყავთ. მიჩნეულია, რომ ასეთი ოჯახები მიეკუთვნებიან საარსებო საშუალებების მქონეთა ან ნაწილოებრივ მქონეთა კატეგორიას“, – ნათქვამია ანგარიშში.
25.06.13