საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” სარჩელს განიხილავს.
“იდენტობა” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების იმ ნაწილის გაუქმებას ითხოვს, რომელითაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებს სისხლის დონაცია ეკრძალებათ.
როგორც ორგანიზაციის იურისტმა ლევან ასათიანმა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებს განუმარტა, სისხლის უსაფრთოხების დაცვა უნდა იყოს ინდივიდუალიზირებული, უნდა შეეხებოდეს კონკრეტული სქესობრივი ქცევის მქონე პირებს და არა ზოგადად ორიენტაციას.
“მოსარჩელეები დღეს ითხოვენ, რომ სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ორი ბრძანება. კონკრეტულად, ბრძანების კონკრეტული მუხლები, რომელიც სისხლის დონაციას უკრძალავს ჰომოსოქსუალებს. ბრძანების ლოგიკა არის ის, რომ ჰომოსექსუალი პირები რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან. ისინი ამბობენ, რომ განზოგადებულად ყველა ჰომოსექსუალს უფრო მეტი ალბათობა აქვს, რომ ჰქონდეს შიდსის ვირუსი, ვიდრე ჰეტეროსექსუალს. მოსარჩელეების განმარტებით, ასეთი განზოგადება არის დაუშვებელი. აკრძალვა, რომ მოვახდინოთ სისხლის უსაფრთხოების დაცვა, უნდა იყოს ინდივიდუალიზირებული და უნდა შეეხებოდეს კონკრეტული სქესობრივი ქცევის მქონე პირებს და არა ზოგადად ორიენტაციას. მოსარჩელეების წარმომადგენლებს მიგვაჩნია, რომ ეს ბრძანებები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის ორ მუხლს, კერძოდ, მე-14-ე მუხლს, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს და მე-16 მუხლი, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას უზრუნველყოფს”, – აღნიშნა ლევან ასათიანმა.
25.06.13