კონკრეტულად, ვის სურს პარლამენტში დარჩენა, ვინ იმსახურებს, თუ ვის აღარ უნდა, ამაზე ჯობდა, დავით საგანელიძეს მაშინ ესაუბრა, როცა უმრავლესობის ლიდერი იყო , – ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
უსუფაშვილის შეფასებით, საგანელიძისთვის აღნიშნულ თემაზე ახლა საუბარი მარტივია.
“ახლა უფრო მარტივია მისთვის ამ თემებზე საუბარი, მაგრამ შეუძლია, ყველას თავისი აზრი გამოთქვას. თავად მე, როდესაც ამ თემაზე ვისაუბრე, ვთქვი არა ის, რომ ვინმე მეტია პარლამენტში, არამედ ვთქვი ის, რომ ვიღაც ნაკლებია და მინდა ვისურვო მეტი პროფესიონალი იურისპუდენციის, ეკონომიკის, ფინანსების დარგებში, რადგან ჩვენი კანონშემოქმედების 80-90% ამ სფეროებს უკავშირდება. ამასთანავე, მე არაერთხელ განვმარტე, რომ საქართველოს არც ერთი უმაღლესი დაწესებულება და სასწავლებელი არ იძლევა დიპლომს, რომელშიც წერია სპეციალობა – პარლამენტარი. ასეთ დიპლომს არ იძლევა არც ერთი უცხოური უნივერსიტეტი. ყველა პარლამენტში არიან სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლები”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ვინ რას აკეთებდა პარლამენტში შემოსვლამდე, არამედ მნიშვნელოვანია ის, პარლამენტში მოვლის შემდეგ ვინ რას ვაკეთებთ. ესეც არაერთხელ მითქვამს და კიდევ მოგახსენებთ, თუ პარლამენტში შემოსვლამდე ვიყავი მწერალი და მაგიდა სავსე მქონდა სალიტერატურო გამოცემებით, მინიმუმ მაგიდის ნახევარი უნდა გავათავისუფლო, დავდო კანონპროექტები, კონსტიტუცია, რეგლამენტი და ჩავერთო საპარლამენტო საქმიანობაში. ისიც ვთქვი, რომ თუ ვინმეს მაგიდაზე ლიტერატურული ნაწარმოებები კი არ ჰქონდა, არამედ ჰქონდა სხვა რამე ნივთები, ან სხვა თემებით იყო დაკავებული მაგიდის გარშემო, ისიც უნდა გავწიოთ გვერდზე და მინიმუმ ნახევარი დავუთმოთ საპარლამენტო საქმიანობას. ასეთ შემთხვევაში გვექნება კარგი პარლამენტი”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
“პარლამენტში ბევრია ისეთი, ვისი ადგილიც საკანონმდებლო ორგანოში არ არის.მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩემს მეგობარ ზურა ზვიადაურს ვესაუბრე, მითხრა, ჩემი ადგილი პარლამენტში არ არის, წესით, ძიუდოში ახალ თაობას უნდა ვზრდიდეო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას საკუთარი სპორტსკოლა ჰქონდეს. თუ “საპარტნიორო ფონდიდან” შევძლებ დაფინანსებას, კარგი, თუ არა და, ვინმეს ვთხოვ და ზვიადაურს სპორტსკოლას მაინც გავუკეთებ. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ვისი ადგილია პარლამენტში. ზუსტად ვიცი, რომ მომავალ საარჩევნო სიაში დავით საგანელიძე არ იქნება”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.