იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაწყებული აქცია – „უფასო პირადობის მოწმობები დევნილებს”, 23 ივნისს დასრულდა. მისი შედეგები თეა წულუკიანმა სპეციალურ ბრიფინგზე შეაჯამა.
როგორც წულუკიანმა განაცხადა, სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 25 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით, ახალი პირადობის მოწმობა 65 000-მდე იძულებით გადაადგილებულმა პირმა აიღო.
მათგან პირადობის დამადასტურებელი ყველაზე მეტი მოწმობა თბილისის იუსტიციის სახლმა გასცა. დევნილთა მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა ზუგდიდიც.
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაწყებული აქციის ფარგლებში ზუგდიდის იუსტიციის სახლმა უფასოდ 7 552 დოკუმენტი გასცა.
მინისტრის ცნობით, აქციის ფარგლებში იუსტიციის სახლების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჩიჩუა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სამადაშვილი დევნილებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სპეციალურად ჩავიდნენ და იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები გამართეს.
„განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდა საქართველოს ყველა იუსტიციის სახლი და სსგს-ის ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც პირადობის მოწმობის აღების მსურველ დევნილებს ყოველ შაბათ-კვირას, დილის ცხრა საათიდან საღამოს ცხრა საათამდე, ემსახურებოდა. საერთო ჯამში, ამ სერვისით 64 131 პირმა ისარგებლა“, – აცხადებს წულუკიანი.
იუსტიციის სახლებმა დევნილთათვის უფასო პირადობის მოწმობების გაცემა 23 მაისს დაიწყეს.
იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა პირადად მოუწოდა დევნილებს, ესარგებლათ ამ მომსახურებით.
თეა წულუკიანის განცხადებით, საზოგადოების სოციალურად ყველაზე დაუცველი ერთ-ერთი სეგმენტის – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოქალაქეებისათვის – პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მიზანი 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისათვის საარჩევნო სიის დაზუსტება იყო.
25.06.13