საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეერთებული შტატების სენატში არიზონას შტატის სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ამერიკის მეგობრული ურთიერთობები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე და მისი შესრულების მნიშვნელობაზე გაკეთდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასაუბრო თემებს შორის იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთაშორისო მისიებში წარმატებული მონაწილეობა. სენატორმა მაკკეინმა ხაზგასმით აღნიშნა ქართული კონტრიბუციის მნიშვნელობა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში.
არიზონას სენატორმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და ყურადღება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებისა და გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯონ მაკკეინს თანადგომისათვის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის.