1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის სოციალური დახმარება იზრდება, ამის სესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„144 ათასი ოჯახი ( 435 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე) გაორმაგებულ სოციალურ დახმარებას მიიღებს. ამ დრომდე სოციალური გასაცემელი იყო ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარი, ხოლო ყოველ მომდევნო წევრზე 24 ლარი. პირველი ივლისიდან გასაცემელი 60 ლარს გაუტოლდება, ხოლო ოჯახის ყოველი მომდევნო წევრი 48 ლარს მიიღებს“, – განმარტავს სერგენკო.
მინისტრმა განაცხადა, რომ 1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება და მეორე ეტაპი იწყება. ფართოვდება ურგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრი.
„პროგრამა ითვალისწინებს ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას. ასევე დაფინანსდება: გეგმიური ოპერაციების ფართო სპექტრი (წლიური ლიმიტი 15 ათასი ლარი. დაფინანსდება 70%-ით); ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა ( წლიური ლიმიტი 12 ათასი ლარი, დაფინანსდება 80%-ით); ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა (ფიზიოლოგიური 500 ლარი, საკეისრო კვეთა 800 ლარი),“ – აცხადებს დავით სერგენკო.
26.06.13