ორგანიზაცია „პოლიტიკის და სამართლის ცენტრმა“ ქონების დაბრუნების მედიაციის პროგრამის ფარგლებში ერთიანი ელექტრონული ბაზაში დარეგისტრირების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო.
ორგანისაციის ცნობით, ქონების დაბრუნების მედიაციის პროგრამის ფარგლებში, ერთიან ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირება შეუძლიათ იმ დაზარალებულ პირებს, რომელთაც 2004 წლის 01 იანვრიდან – 2012 წლის 02 ნოემბრამდე ქონება ჩამოართვეს, ეს ქონება ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში ირიცხება და მესამე პირებზე არ გასხვისებულა.
ორგანიზაციის თავმჯდომარის ამირან გიგუაშვილის განცხადებით, პროექტის პირველ ეტაპზე შეიქმნება ერთიანი ელექტრონული რეესტრი, სადაც აღირიცხება ყველა მესაკუთრე, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს ქონება წაართვეს ან სიმბოლურ ფასად დაათმობინეს და ეს ქონება ჯერ ისევ სახელმწიფოს საკუთრებაშია.
„ამის შემდეგ, ორგანიზაციის ინიციატივაა სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების, არასამთავრობო სექტორის და სამართლის აღიარებული სპეციალისტების მონაწილეობით შეიქმნას მედიაციის საბჭო, რომელიც განიხილავს ყოველ კონკრეტულ შემთხვევას. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო მივა გადაწყვეტილებამდე, რომ სასამართლო დავის წარმოების შემთხვევაში, სახელმწიფო ამ დავას წააგებს, დაიწყება მესაკუთრესა და სახელმწიფოს შორის მორიგების გზით დავის გადაწყვეტა,“ – აცხადებს გიგუაშვილი.
დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის ფორმა შეუძლიათ იხილონ ელექტრონულ მისამართზე: facebook.com პოლიტიკის და სამართლის ცენტრი. ასევე დამატებითი ინფორმაცია მიიღონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: politicsandlawgeo@gmail.com
განაცხადების მიღება წარმოებს 2013 წლის 01 სექტემბრამდე.
27.06.13
ნათია ქომოშვილი