საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე ბოლო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. “ბორჯღალოსნებმა” ნამიბია ანგარიშით 17:16 დაამარცხეს. მილტონ ჰეიგის გუნდმა ამ გამარჯვებით 8 ქულა მოაგროვა, რის შედეგადაც ჯგუფში სავარაუდოდ მესამე ადგილს დაიკავებს და მომდევნო მსოფლიო თასზე ავტომატურად თამაშის უფლებას მოიპოვებს. იმ შემთხვევაში, თუ ტონგა ახალ ზელანდიას 9 ოქტომბერს დაამარცხებს, საქართველოს გადაასწრებს და მესამე ადგილოსანი სწორედ ის გახდება. საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში ტონგა დაამარცხა, შემდეგ არგენტინასთან და ახალ ზელანდიასთან დამარცხდა, ხოლო უკანასკნელ შეხვედრაში ნამიბიას სძლია. ქართველთაგან ქულები მამუკა გორგოძემ (ლელო), ლაშა მალაღურაძემ (ლელო) და მერაბ კვირიკაშვილმა მოაგროვეს (2 გარდასახვა, 1 ჯარიმა). ამასთან, აღსანიშნავია, რომ გუშინდელ თამაშს პრინცი ჰარიც ესწრებოდა.