კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ლადო ათანელის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” ინიციატივით, 30 ოქტომბერს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში, ლადო ათანელის შემოქმედებითი საღამო – “25 წელი საოპერო თეატრის სცენაზე” გაიმართება.
კონცერტში ლადო ათანელთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი, ახალგაზრდა ტენორი ირაკლი კახიძე და თბილისის სიმფონიური ორკესტრი.
დირიჟორი – ვახტანგ კახიძე. საიუბილეო კონცერტი მსოფლიოში ცნობილი ბარიტონის, ლადო ათანელის საოპერო სცენაზე მოღვაწეობის 25 წლისთავს ეძღვნება. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეს, კულტურის სამინისტროში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მომღერალი ლადო ათანელი პრესკონფერენციას გამართავენ.