მნიშვნელოვანია, რომ ახალი მთავარი პროკურორი იყოს სისტემის განუყოფელი ნაწილი და ემსახურებოდეს პროკურატურის ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა , გიორგი ბადაშვილმა პროკურორთა კონფერენციის დასასრულს განაცხადა.
მისივე აზრით, ახალ მთავარ პროკურორს უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვა და ხელმძღვანელობდეს სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ღირებულებებით.
“ვფიქრობ, რომ საბოლოო გამარჯვება კიდევ წინ გველოდება და ეს იქნება მაშინ, როცა არჩეული იქნება ისეთი მთავარი პროკურორი, რომელსაც ზედმიწევნით კარგად ეცოდინება თითოეული პროკურორის, თითოეული გამომძიებლის, თითოეული თანამშრომლის საჭიროება. კარგად ეცოდინება პროკურატურის სპეციფიკა. ჩვენ უკვე გვქონდა შესაძლებლობა გვენახა მაგალითი. ზუსტად ამიტომ, მე ვფიქრობ და ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანია, მთავარი პროკურორი იყოს სისტემის განუყოფელი ნაწილი და ემსახურებოდეს პროკურატურის ინტერესებს, იყოს მიმართული განვითარებისკენ, ჰქონდეს ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვა, ხელმძღვანელობდეს სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ღირებულებებით. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ შედეგს ყველანი ერთად მივაღწევთ”, – განაცხადა ბადაშვილმა.
2015 წლის 28 სექტემბრიდან ძალაში შევიდა “პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის წესი. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან იქმნება დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო – საპროკურორო საბჭო. საპროკურორო საბჭოს რვა წევრს ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია. ამასთან, მას შემდეგ, რაც საბჭო დაკომპლექტდება, მან უნდა დაამტკიცოს მთავარი პროკურორობის კანდიდატი, რიმელსაც საბჭოს იუსტიციის მინისტრი წარუდგენს.