თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალი იწყება. 23 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში წლევანდელ ჯაზ-ფესტივალს ცნობილი კანადელი მომღერალი და პიანისტი დაიანა კროლი გახსნის.
როგორც “თბილისი თაიმსს” სამინისტროდან აცნობეს, მუსიკოსი პოპ-სიმღერების ჯაზურ ვარიაციებს შეასრულებს ახალი ალბომიდან „Wallflower“.
23-29 ოქტომბერს თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალში, ტრადიციულად, მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები. დაიანა კროლის კონცერტის შემდეგ, ქართველი მელომანების წინაშე, განახლებული პროგრამით წარდგება ჯაზის სუპერვარსკვლავი, ბასისტი და ვოკალისტი ესპერანცა სპალდინგი. მეთვრამეტე ჯაზ-ფესტივალის 6 დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეები ასევე არიან: მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯეფ ბალარდი და მისი ტრიო, ვირტუოზი არფისტი ედმარდ კასტანელა და ცნობილი მესაყვირე ავიშა კოენი. სასცენო მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო ტურს თბილისში იწყებს და ჯაზ-ფესტივალს კონცერტით დაასრულებს ვარსკვლავური შემადგენლობის ლეგენდარული ჯგუფი „Fourplay“.