ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტელეკომაპნია “რუსთავი 2”-ის საკითხთან დაკავშირებით ოთხ ასპექტს გამოყოფს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, პირველი არის ის ფაქტი, რაც გუშინ იხილა – ქუჩაში შელაპარაკებები, კერძოდ, კი ბიზნესმენ გიორგი კოდუასთან ახალგაზრდების ჯგუფის შელაპარაკება.
“მინდა, ვთხოვო ყველას, მოვუწოდო კიდეც, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ემოციების ქუჩაში გადატანისგან, ვინაიდან ამას შეიძლება მძიმე შედეგი მოყვეს. ასევე მინდა ვთხოვო და, დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცველებს ექნებათ რეაგირება ასეთ შემთხვევებზე. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება მეორე საკითხს, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი ძალადობის კადრების ტირაჟირება.
“ეს არის დაბრუნება იმ საშინელ წარსულში, რომელიც საქართველომ გაიარა. ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს ერთხელ და სამუდამოდ. არ ვიცი, ვინ აკეთებს ამას, ეს ნამდვილად არ შედის მთავრობის ინტერესში და ვინც აკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა, სად არის, სად მუშაობს, რომელი გუნდის თუ მიმართულების წევრია. ეს არის ადამიანების ფსიქიკის დანგრევა. ახალგაზრდებს შეიძლება, ცხოვრება დავუმახინჯოთ მარტო იმითი, რომ ეს უბედურება ვაჩვენოთ, რაც გაიარა საქართველოს მოსახლეობის ერთმა ნაწილმა. ამიტომ კატეგორიულად ვემიჯნები, მითუმეტეს ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მასშტაბით ასეთი კადრების ჩვენებას”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მესამე საკითხი, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეხება მედიის თავისუფლებას და მისი თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფასეულობა, რომელზეც ნებისმიერი მთავრობა უნდა იდგეს.
“ჩვენი მთავრობა ამ ფასეულობაზე ნამდვილად დგას, ამიტომ მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ არც ერთი სატელევიზიო, თუ მედიაკომპანიის მაუწყებლობის პოლიტიკაში ჩარევა არ მოხდეს და არ ხდება ასეთი რამ. არ ვიცი, ვინ იქნება ამ პროცესის გამარჯვებული, ნამდვილად არ ვარ იურიდიული დეტალების საქმის კურსში, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, მე ვფიქრობ, რომ გაცილებით ნაკლები ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას, თუნდაც ყველაზე არაობიექტურმა სამაუწყებლო სარედაქციო პოლიტიკამ, ვიდრე იმან, რომ ეჭვი გაჩნდეს ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებში ქვეყანაში მედიათავისუფლებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება მეოთხე საკითხს, მინისტრმა “რუსთავი 2”-ს და ყველა იმ ადამიანს მიმართა, ვინც შეიძლება, საწინააღმდეგო პოზიციაზე იდგეს.
“მინდა, “რუსთავი 2″-ის ხელმძღვანელობასაც და ყველა იმ ადამიანს მოვუწოდო, ვინც სააწინააღმდეგო პოზიციაზე დგას, ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანამ უნდა გადააბიჯოს იმ ზღვარს , რომ სასამართლო გადაწყვეტილება, მოგწონს ეს თუ არა მოგწონს იგი, მისაღები იქნება ყველასთვის, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარეს დგას ეს ადამიანი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, სასამართლომაც უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებში არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს ამ მიმართულებით, თუნდაც ამისთვის დამატებითი ლეგიტიმაციის ელემენტები გახდეს საჭირო.