Bebbo – ეს ახალი ბიზნეს იდეაა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ქართული ჩითის გასვლას გულისხმობს.
ქართული ხალხური რეწვის განვითარებას მდიდარი საუკუნოვანი ტრადიციები გააჩნია. საქართველოს მთიან რეგიონებში შინამრეწველობა, ძირითადად გულისხმობდა მატყლისა და ტყავის დამუშავებას. თუში ქალები ქსოვდენ წინდებს, ხურჯინებს ამზადებენ ტანსაცმლისათვის მაღალი ხარისხის შალებს, ფარდაგებს, ხალიჩებს და ა.შ.
კავკასიაში გავრცელებულ მატყლის სახეობებს შორის თუშური ცხვრის უხეში და მბზინავი მატყლი უმაღლესი ხარისხის მატყლად ითვლება. საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები შედარებით მეტად იყო მოცილებული ბარს, კომუნიკაციების უქონლობის გამო ქვეყნის ეს კუთხე თავისებურად და იზოლირებულად ვითარდებოდა. ამ ფაქტორმა განაპირობა რეგიონის ხალხური რეწვის თვითმყოფადი ხასიათი.
Bebbo-ს ავტორი 20 წლის ქართველი სტუდენტია, რომელიც ინგლისში ფინანსებს სწავლობს. ზუკა ალავიძემ ბიზნეს იდეის განხორციელებისთვის პროდუქტის საიმიჯო რგოლი გადაიღო და განათავსა kickstarter -ის საიტზე.
„თბილისი თაიმსი“ ინგლისში მცხოვრებ ზუკა ალავიძეს დაუკავშირდა და ბიზნეს იდეის დეტალების შესახებ ესაუბრა.
მოგვიყევით თქვენ შესახებ, საიდან გაჩნდა პროექტის იდეა, როგორია „Bebbo“-ს შექმნის ისტორია და რას გულისხმობს თავად ეს პროექტი?
– როგორც იცით, „ბებო“ თუშური ჩითია, სახელი კი ჩვენ დავარქვით. იდეა თუშური ჩითის ე.წ. „ბრენდირება“, მსოფლიოსთვის მისი გაცნობა და შეთავაზებაა.
სულ მქონდა ჩითები, მთელი ბავშვობა მეცვა და გული მწყდებოდა ჩემთან ერთად რომ არ „იზრდებოდნენ“…
უცხოელი მეგობრებისთვისაც საუკეთესო საჩუქარი იყო ხოლმე, ხოდა იდეაც აქედან გაჩნდა – „რატომ ერთი ორი უცხოელი და არა მთელი პლანეტა“ ვიფიქრე და მოკლედ მოვუყევი ჩემი განზრახვის შესახებ მეგობრებს.
პროექტის სხვა დეტალების შესახებ,რომ მოგვიყვეთ,როგორ შეიქმნა სახელი, ლოგო, საიმიჯო რგოლი?
– მოვუყევი მეგობრებს ამ დიადი გეგმის შესახებ და დავიწყეთ ფიქრი ფორმაზე – როგორ მივაწოდოთ მომხმარებელს, როგორი უნდა იყოს ლოგო, ვიდეო და ა.შ.
ყველაფერი ე.წ. „ბრეინსტორმინგის“ შედეგად გაჩნდა და შეიქმნა. სახელის იდეა ანანო დოდელიას ეკუთვნის. ლოგოს ავტორი მხატვარი და ფოტოგრაფი ნინო ალავიძეა, ვიდეო რგოლი გადაიღო ასევე ჩვენმა მეგობარმა ოპერატორმა.
როგორც ცნობილია,საიმიჯო რგოლი kickstarter.com -ზე განთავსდა, სწორედ ამ საიტიდან იღებთ დაფინანსებას, უშუალოდ ვისგან ხდება დაფინანსება და რა პროცედურებს მოიცავს იგი?
– კიკსტარტერის პრინციპი მარტივია – თუ მოგწონს წარმოდგენილი პროდუქტი, შეგაქვთ თქვენი წვლილი პროექტის დაფინანსებაში.
დამფინანსებლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ჩვენი „ბებოც“, ჯერ მხოლოდ პროექტია და დაფინანსების მოლოდინშია, თუ დაფინანსდება ანუ თუ, შენატანები მიაღწევს წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულს, მხოლოდ მაშინ გახდება ის ჩვენთვის ხელმისაწვდომი და ჩვენ შევძლებთ ამ თანხის გამოყენებას, ხოლო თუ ვერ მიაღწევს ამ ნიშნულს, ყველა მომხმარებელს თავისი შენატანი უკან დაუბრუნდება.
ამას თავად კიკსტარტერი უზრუნველყოფს.
როგორ აპირებთ, შეგროვებული ფინანსური რესურსების გამოყენებას „Bebbo“- პროდუქციის წარმოებაში და წარმატებების შემთხვევაში,რა ეღირება „Bebbo”?
– როგორც უკვე გითხარით, თუ პროექტი კიკსტარტერზე წარმატებული იქნება, მაშინ ჩვენ მივიღებთ ამ თანხას და მას, პირველ რიგში, მოვახმართ იმ ვებ–გვერდს, რომლიდანაც „ბებოები“ უნდა გაიყიდოს და დავაკმაყოფილებთ იმ მომხმარებლებს, რომელმაც კიკსტარტერზე ბებოს მხარი დაუჭირა და გამოთქვა მისი შეძენის სურვილი.
Bebbo-ს, სხვადასხვა რეგიონის თუ ქვეყნის მომხარებლისთვის სხვადასხვა ფასი ექნება. მაგალითად, ბრიტანელებისთვის ის 35 ფუნტი ეღირება.
ამ დროისთვის,რა ეტაპზეა პროექტი და რა არის „Bebbo”-ს ის ძირითადი უპირატესობები,რითიც უნდა დაინტერესდეს მომხარებელი?
– პროექტი ასე ვთქვათ, ჯერ ისევ პროექტია, ანუ ჯერ არ დასრულებულა და მოლოდინში ვართ.
Bebbo-ს უპირატესობა, სხვა სახლის ფეხსაცმელთან შედარებით, მის ნატურალურობასა და ეკოლოგიურად სისუფთავეშია. ყველაზე მთავარი უპირატესობა კი არის ის, რომ მხოლოდ შენ გაქვს – ჩვენი საიტი მისცემს საშუალებას მომხმარებელს თავად შექმნას დიზაინი და მიიღოს უნიკალური Bebbo, ისეთი, როგორიც არავის ექნება.
როგორ წარმოგიდგენიათ პროექტის მომავალი?
– პროექტი რეალურ საქმედ უნდა გადაიქცეს, მეტი ჯერჯერობით არაფერი წარმომიდგენია. ძალიან მინდა, რომ ყველამ ვინც დღეს ჩვენ გვენდობა და მხარს გვიჭერს იგრძნოს ის სიკეთე, რაც ამ არაჩვეულებრივ ფეხსაცმელს აქვს.
გთავაზობთ საიმიჯო რგოლს:
ესაუბრა
ნათია კეკენაძე