საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება.
როგორც “თბილისი თაიმსს” სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა შედგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან ლუო შუგანთან. საუბრისას ძირითადი ყურადღება გამახვილდა კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე, რასაც ასევე, განსაკუთრებული მნიშვნელობა „ახალი აბრეშუმის გზა ეკონომიკური სარტყელის“ პროექტის კონტექსტში ენიჭება. მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის შეთანხმებას, კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2016-2019 წწ., რომლის იმპლემენტაცია გულისხმობს საქართველოში ჩინეთის, ხოლო ჩინეთში საქართველოს კულტურის ცენტრების შექმნას; ერთობლივი სახელოვნებო ფესტივალების ორგანიზებას; გამოფენა-ბაზრობების, მათ შორის, ეროვნული რეწვის სავაჭრო ბაზრობების მოწყობას; კულტურული მემკვიდრეობის დარგში გამოცდილების გაზიარებასა და მუზეუმებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას; კულტურის სფეროში მოღვაწე სხვა ინსტიტუტებს შორის პირდაპირი კავშირების ხელშეწყობასა და სხვა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ქ. პეკინში ყოფნისას, შეხვედრები გამართა ჩინეთის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან – ჩინეთის კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო ადმინისტრაცია, ჩინეთის ეროვნული მუზეუმი და ჩინეთის „სონგ ჩინ ლინის ფონდი“. შეხვედრებზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული პრიორიტიტული მიმართულებები და პერსპექტივები დასახეს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, საქართველოსა და ესტონეთის საელჩოების მხარდაჭერით, გაიმართა მიხეილ გიორგაძის არაფორმალური შეხვედრა ქ. პეკინში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან და ჩინეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, ქართული დიასპორასთან და ქართველ სტუდენტებთან. შეხვედრაზე მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ასევე, ნაჩვენები იყო მიმდინარე წელს ოსკარზე ნომირიებული ქართული ფილმი „სიმინდის კუნძილი“. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გაგრძელდება ქ. შანხაიში, სადაც იგეგმება ადგილობრივ ხელისუფლებისა და კულტურასთან დაკავშირებულ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან ოფიციალური შეხვედრები.