საქართველოში ბევრი სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. თითოეული მათგანი ჩვენგან დახმარებას საჭიროებს. ზოგჯერ, ეს დახმარება არის მორალური,ზოგჯერ – მატერიალური, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომელთაც სურთ ცხოვრება მაქსიმალურად კომფორტული და მარტივი გახადონ. სწორედ ასეთი ადამიანები აღმოაჩინა The Tbilisi Times.
ოთხი სტუდენტი (მეორე კურსელი) ბიჭი – გივი ბერიძე, თორნიკე ფარცახაშვილი, ნიკოლოზ სიხარულძე, ნიკოლოზ დონაძე, ახალგაზრდები, რომლებმაც უსინათლოთათვის საათი გამოიგონეს. მათ თავისუფალი უნივერსიტეტი აერთიანებთ, თუმცა ყველა ერთი ფაკულტეტის სტუდენტი არაა. ისინი ტექნოლოგიებისადმი დიდმა ინტერესმა დააკავშირა.
თუ როგორ ფუნქციონირებს საათი, სად და როდის გაჩნდა მისი შექმნის იდეა, რა გეგმები აქვთ ახალგაზრდებს სამომავლოდ ამის შესახებ, უნიკალური საათის ავტორებს – გივი ბერიძეს და ნიკოლოზ სიხარულიძეს ვესაუბრე.
გივი ბერიძე: „საათის იდეა ნიკას და თორნიკეს გაუჩნდათ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ გაგვაცნეს და ერთობლივი ძალებით დავიწყეთ მასზე მუშაობა და სრულყოფა. შემდეგ დავფიქრდით იმ საშუალებებზე, რომლითაც განვახორციელებდით ჩვენს გეგმას. რაც შეეხება საათის უნიკალურობას ეს ისედაც ნათელია, რადგან ის გათვლილია უსინათლოებზე. სულ ჯერჯერობით 4 ერთეული საათია შექმნილი და ისინი თავისუფალ უნივერსიტეტში დავამზადეთ მისივე მხარდაჭერით. საათი მოსახერხებელია არამხოლდ უსინათლო ადამიანებისათვის, არამედ ნებისმიერი მომხმარებილისთვის, რომელსაც იზიდავს უცნაური ნივთები. რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი და შემოგვთავაზეს ფინანსები, რათა კომერციული მიზნით დიდი რაოდენობით პროდუქცია დაგვემზადეინა. იყო დაინტერესება სახელმწიფოს მხრიდანაც. ეს არ არის ჩვენი პირველი გამოგონება. ჩვენი შევქმენით ხელი პროთეზი. ანალოგები არსებობს, თუმცა მწარმოებლები მომხმარებლებს თავიანთ პროდუქტს ისეთ ფასად სთავაზობენ, რომლის გადახდასაც საშუალო ფენის წარმომადგენელი ვერ შეძლებს. ამ პროთეზს ჯერ მხოლოდ ოთხი სახის მოძრაობის შესრულება შეუძლია, თუმცა სამომავლოდ ვგეგმავთ მის დახვეწას და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად მიწოდებას. ასევე გვსურს საათში Gps ფუნქციის დამატება. ამასთან ერთად სხვა მრავალ იდეაზე ვფიქრობთ, თუმცა ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია.“
ნიკოლოზ სიხარულიძე: „ქართულ ბაზარზე კონკურენტი არ გვყვავს, რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს, როგორც მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, არსებობს მსგავსი, თუმცა არა იდენტური საათები. საათის შიდა მექანიზმში ჩამონტაჟებული მოწყობილობა ვიბრირებს და ასე ამცნობს მომხმარებელს დროს. საათის ნაწილები დავბეჭდეთ სამგანზომილებიანი პრინტერით. მომხმარებლები ამ ეტაპზე ვართ ჩვენ. მიუხედავად დიდი სურვილისა, რომ ფინანსურად დაგვხმარებოდნენ სხვადასხვა ორგანიზაციები თუ კომპანიები ჩვენ გადაწყვეტილებაა, ეს იყოს სოციალური პროექტი და არა კომერციული. გვსურს უსასყიდლოდ მივაწოდოთ საათი იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. ამჟამად უნივერსიტეტი გვამარაგებს ნაწილებით და ასევე ვიყენებთ საკუთარ ფინანსებსაც.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არ ვართ ორიენტირებული კომერციულ მოგებაზე, ამჟამად არ განვიხილავთ ამ პროდუქტს, როგორც ფინანსური სარგებელის მიღების საშუალებას.“
ინტერვიუს ბოლოს, სტუდენტებმა მაჩვენეს საკუთარი გამოგონებები, დამათვალიერებინეს ის გარემო, სადაც ისინი დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ და ერთად ფიქრობენ ადამიანთა იმ პრობლემებზე, რომელთა აღმოფხვრა თუ არა, შემსუბუქება მაინც შეუძლიათ. მათ სურთ მსგავსი საათები დაურიგონ ქართველ უსინათლოებს. დასაფასებელია ამ მოზარდების ძალისხმევა, მონდომება და მათი უანგარო ინტერესი გაუმარტივონ ადამიანებს ყოველდღიური ცხოვრება.
ესაუბრა მარიამ ფანჩულიძე